რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის თქმით, დღეს ის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას არ აპირებს ტურიზმზე საუბარს, რადგან ქვეყანაში უფრო გლობალური პრობლემები დგას - ამის შესახებ ბურჯანაძემ მედიას ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე შესვლამდე განუცხადა.
“დღეს, ალბათ, ვიწრო ჭრილში ვერ ვისაუბრებთ არსებულ სიტუაციაზე. ქვეყანაში ტურიზმის პრობლემა არ დგას, უფრო გლობალური პრობლემაა: სად ვართ, საით მივდივართ და რა პერსპექტივაა.
აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან საინტერესოა, მინისტრის გადმოსახედიდან დანახული მომავალი. დღეს, როდესაც გამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი, და ამბობს, რომ დასანქცირდებიან კანონის მხარდამჭერები და ხელისუფლების წარმომადგენლები, ამ გადასახედიდან, სად ვიქნებით და როგორ ვიქნებით - ესაა ჩემთვის საინტერესო და სრულიად უინტერესოა, ხვალ რამდენი ტურისტი იქნება საქართველოში და როგორ გავუმასპინძლდებით მას - ეს სრულად არარელევანტური და არააქტუალური თემაა”, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას ამ წუთებში მართავს.