საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე, გორის გვირაბებში, დაზიანებული საფარის აღდგენისა (ორმოული შეკეთება) და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა გვირაბების სავალი ნაწილის ჩაკეტვა და მოძრაობის დროებით შემოსავლელ გზაზე გადართვა. შეზღუდვები ეტაპობრივად, შემდეგი განრიგით იმოქმედებს:
- 17 ივნისის 08:00 საათიდან 20 ივნისის ჩათვლით: ჩაიკეტება სენაკი-თბილისის მიმართულება. ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
- 22 ივნისის 08:00 საათიდან 25 ივნისის ჩათვლით: ჩაიკეტება თბილისი-სენაკის მიმართულება. აღნიშნულ დღეებში თბილისი-სენაკის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე. რაც შეეხება სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ნაკადს, ის გორის გვირაბების შემოსავლელი საავტომობილო გზით ისარგებლებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ აღნიშნული განრიგი მგზავრობის დაგეგმვისას.




























