მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 1-7 ივნისი

ბაქო-თბილისი-ყარსი მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძე

გთავაზობთ 1-7 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა

2 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის 827-კილომეტრიანი რკინიგზა, რომლის 183 კილომეტრიც საქართველოზე გადის. რკინიგზის გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ ესწრებოდნენ. რკინიგზა 2017 წლიდან მოყოლებული სატესტო რეჟიმში ოპერირებდა. მას წლიურად 5 მილიონი ტონა ტვირთების გატარება შეუძლია.

საქართველოს სავალუტო რეზერვები ერთ თვეში 531 მილიონი დოლარით, $7 მილიარდამდე გაიზარდა

2026 წლის მაისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 531.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 7.0 მლრდ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის ე.წ ARA მეტრიკის 100 პროცენტიან დონეს აღემატება და მაისის მდგომარეობით 114.8% შეადგენს.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის და კახეთის მაგისტრალის მშენებლობისთვის 372 მილიონის კრედიტი დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა სასესხო შეთანხმების ყველაზე მსხვილი 372 მილიონი დოლარის საკრედიტო დაფინანსება, რომელიც საქართველოში სარკინიგზო და საგზაო სექტორების განვითარებაზე უნდა მიიმართოს. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზას აღნიშნული დაფინანსებიდან 190 მილიონი დოლარი შეხვდება, ხოლო 182 მილიონი დოლარი საგზაო ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება. კერძოდ, 190 მილიონი დოლარი მოხმარდება საქართველოს რკინიგზის მიერ ახალი ლოკომოტივების შესყიდვას, ასევე ელექტრო ქვესადგურების მოდერნიზებას და მშენებლობას და საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციურ გაძლიერებას. 182 მილიონი დოლარი კი კახეთში ოთხზოლიანი მაგისტრალის განვითარებაზე დაიხარჯება - უფრო დეტალურად ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე ოთხზოლიანი გზის მშენებლობა არის დაგეგმილი.

მაისში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა

მაისში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სტატისტიკის თანახმად, აპრილთან შედარებით, როდესაც წლიური ინფლაცია 5.9%-ს აღწევდა, მაისში წლიური ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების მატებაა, რამაც მაისში 5.2% შეადგინა. მეორე პოზიციაზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების მატებას უკავშირდება. საწვავის ფასის მიმართულებით ზრდა 22.7%-ს შეადგენს.

კომპანია m² ლაშა კვაჭაძის "თრასთ ჰოლდინგმა" იყიდა

კომპანია m²-ის ახალი მფლობელი შპს "თრასთ ჰოლდინგია". შესაბამისი ინფორმაცია საჯარო რეესტრშია ასახული. როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებმა 5 მაისს გააფორმეს. შედეგად, შპს "თრასთ ჰოლდინგმა" შპს "ემ2 ჯგუფი" შეიძინა. მყიდველი შპს "თრასთ ჰოლდინგი" მიმდინარე წლის აპრილში დაფუძნდა და მისი 70%-იანი წილი ეკუთვნის ლაშა კვაჭაძეს, ხოლო 30% დიმიტრი ადამიას, რომელიც ასევე კომპანიის დირექტორია. ამასთან, სწორედ დიმიტრი ადამია დაინიშნა შპს "ემ2 ჯგუფის" ახალ დირექტორად. ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე დეველოპერული კომპანია Blox Group-ის თანადამფუძნებელია, რომელიც ჩართულია Trump Tower Tbilisi-ს პროექტში.

შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც დღეიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს ჩაატარებს

2026 წლის 1 ივნისიდან საქართველოში ფუნქციონირებას იწყებს სსიპ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც სახელმწიფო უწყებებისთვის კონსოლიდირებულ და ცენტრალიზებულ შესყიდვებს განახორციელებს. შესაბამისი წესები, ოპერირების პირობები და ბაზრის კვლევის პროცედურები საქართველოს მთავრობამ 29 მაისს მიღებული რამდენიმე დადგენილებით განსაზღვრა. ახალი უწყება პასუხისმგებელი იქნება როგორც კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებაზე, ისე მსხვილი შესყიდვების ორგანიზებაზე. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს.

NEXT-ი და "არქი" ქობულეთში Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის $300-მილიონიან პროექტს განახორციელებენ

„არქიმ“ და NEXT-მა ქობულეთში 300 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული საკურორტო პროექტი — Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ოფიციალურად წარადგინეს. Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს „არქი“ და NEXT-ი მსოფლიოში ცნობილ სასტუმრო ბრენდ Swissôtel-თან თანამშრომლობით ახორციელებს. კომპლექსი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს, საკონფერენციო სივრცეს, ლობის, ლაუნჯს, 6 სხვადასხვა ბრენდის რესტორანს, კაზინოს, 3000 კვ.მ სპა და ფიტნეს სივრცეს, გამაჯანსაღებელ ცენტრსა და საბავშვო გასართობ სივრცეს.

ტენდერებში ფასის ინდექსაციის მექანიზმი ამოქმედდა

საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში ფასების ინდექსაციის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. აღნიშნული მექანიზმი სამშენებლო კომპანიებს პროექტების მიმდინარეობისას სამშენებლო მასალებისა და სხვა კომპონენტების გაძვირების ნაწილობრივ კომპენსირების შესაძლებლობას მისცემს. შესაბამისი წესები 3 ივნისს მიღებული №245 დადგენილებით განისაზღვრა. აღნიშნული დაკავშირებულია გასულ კვირაში დაჩქარებული წესით მიღებულ კანონთან, რომელიც ტენდერში ფასის ინდექსაციის წესს განსაზღვრავს. ახალი წესით, ფასების ინდექსაცია ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ავტომატურად არ გავრცელდება. მექანიზმი შეეხება მხოლოდ იმ სახელმწიფო კონტრაქტებს, რომელთა შესრულების ვადა 12 თვეზე მეტია. ამასთან, ინდექსაციის გამოყენება მხოლოდ სამუშაოების დაწყებიდან პირველი 12 თვის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მთავრობამ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის 250 მილიონი ევროს ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერები (4 ლოტად) ხელახლა გამოაცხადა. პროექტის ჯამური ღირებულება 250 მილიონ ევროს შეადგენს და ის ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტით ფინანსდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, საერთო ჯამში, 61.2 კმ სიგრძის 4-ზოლიანი ბეტონის საფარის ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება გარე განათების სისტემით. ასევე, გათვალისწინებულია 26 ხიდისა და 11 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა.

პროექტთან დაკავშირებით ტენდერი ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში გამოცხადდა, თუმცა 2026 წლის თებერვალში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაბალი კონკურენციის გამო ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, ახლა კი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6%-მდე გაზარდა

საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ახლა ქვეყანაში მშპ-ის 6%-იან მატებას ელოდება. ორგანიზაციის უახლესი რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით, 2027 წელს საქართველოში 5.0%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ბანკის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს, თუმცა მიუთითებენ ზრდის შემაფერხებელ საგარეო რისკებზეც: „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკური აქტივობა, რადგან ის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასა და იმპორტირებული ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს“.

მთავრობამ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.3%-მდე გაზარდა

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.3%-მდე გაზარდა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, რაც 8.3%-ს შეადგენდა, გადაიხედა მთლიანად 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ის 5%-დან 6.3%-მდე გაიზარდა.

მესტიის გამრიცხველიანება იგეგმება - ამოღებულია 212 უკანონო მაინერი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მესტიაში კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რათა ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება ჩარჩოში მოექცეს. „მესტიის გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით განაცხადი გაკეთდა და პარალელურად წარიმართება შესაბამისი პროცესები, რაშიც ჩართულია შსს. ამოღებულია დიდი ოდენობით მაინერები, რაც იმას გულისხმობს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება უკანონოდ ხდებოდა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. 133 მლნ კვტ/სთ-ია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნა მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს, 10%-ს არ აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით ₾20 მლნ-ზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარება ხდება უკანონოდ მაინინგის მიზნით. ეს საბოლოო ჯამში აწვება თითოეულ მოქალაქეს და აისახება გადასახადზე, რომელსაც თბილისში, ქუთაისში მოქალაქე იხდის - ეს ბუნებრივია უნდა გამოსწორდეს და ჩარჩოებში მოექცეს, ამას ემსახურება გამრიცხველიანების პროცესი და ის, ზომები, რომელსაც შსს პარალელურად იღებს“, - განაცხადა კობახიძემ.

შსს-ს ინფორმაციით გასულ კვირაში სვანეთიდან სულ 212 უკანონო მაინერი არის ამოღებული.

მთავრობა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკატემნეტბის მწარმოებლებთან გამართავს მოლაპარაკებებს

შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც [დიუშენის] მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 4 ივნისს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება სამუშაო პროცესი და მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა მშობლების სრულ წრეს ამაზე ექნება სათანადო ინფორმაცია. მადლობა მინდა გადავუხადო შეხვედრაში მონაწილე თითოეულ მშობელს, ისევე, როგორც ყველა მშობელს, კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შექმნის საუკეთესო საფუძველს ბავშვების ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები