16 აპრილიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცის სტრუქტურას ცვლის და აბასთუმნის თავზე გარკვეულ ზონებში ფრენებს ზღუდავს.
ცვლილება ასახულია 2026 წლის 9 თებერვალს მიღებულ დადგენილება №52-ში, რომელიც ნაწილობრივ ცვლის 2018 წლის №660 დადგენილებას „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესების“ შესახებ.
დადგენილების მიხედვით, აბასთუმნის არეალში განისაზღვრა სპეციალური ზონა, სადაც საჰაერო მოძრაობა იზღუდება. აღნიშნული ტერიტორია მოიცავს იმ მონაკვეთს, სადაც გადიოდა რამდენიმე საერთაშორისო ავიატრასა, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ფრენებისთვის გამოიყენება.
სახელმწიფო უწყებების განმარტებით, გადაწყვეტილება უკავშირდება აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის საჭიროებებს. ოფიციალური პოზიციით, ობსერვატორიის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ცის მაქსიმალური გამჭვირვალობა, რაც საჰაერო მოძრაობის შემცირებას უკავშირდება.
ინფორმაცია აბასთუმნის თავზე საჰაერო სივრცის შესაძლო შეზღუდვის შესახებ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. იმ პერიოდში შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილებები ჯერ არ ფიქსირდებოდა, თუმცა სახელდებოდა კონკრეტული თარიღი – 2026 წლის 16 აპრილი.
ახალი წესით, ცვლილება გავლენას ახდენს იმ საჰაერო მარშრუტებზე, რომლებიც საერთაშორისო ავიაკომპანიების მიერ აქტიურად გამოიყენება.




























