ხვალიდან, 4 სექტემბრიდან გზებზე მანქანების გამონაბოლქვი გაკონტროლდება. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით ივლისში მიიღო. განსაზღვრულია ჯარიმების ოდენობა და განმეორებითი დარღვევის ვადები.
საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირის შემთხვევაში 100, იურიდიული პირის შემთხვევაში კი - 500 ლარით განისაზღვრა.
კანონი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის მონიტორინგს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდება 10 ეკიპაჟი, რომელიც ჩამოთვლილ 4 ქალაქში გადანაწილდება და ავტომობილებს სპეციალური გამზომი ხელსაწყოებით შეამოწმებს, რომლებიც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობას ზომავს.
ეკიპაჟი ხილულ გამონაბოლქვზე კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გააჩერებს და ადგილზე შეამოწმებს სპეციალური ხელსაწყოებით.