მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალიდან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია - კახა კალაძე

ივანიშვილი კობახიძე კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ხვალიდან დაიწყება იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. მან ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები დაიდო, რომლის თანახმადაც კალაძემ 77.6% მიიღო.

მან თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

"გილოცავთ ყველას ამ შესანიშნავ გამარჯვებას. ვულოცავ სრულიად საქართველოს! კიდევ ერთი პასუხი ღირსეული ქართველების იმ უსამშობლო აგენტების წარმომადგენლების მიმართ - მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა გამოწვევები და პოლიტიკური ინტერესებია. ყველა ვხვდებით, რომ შემთხვევითი არ არის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ეს მარტივი არ არის. უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარა მოვისმინეთ, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით, ვიცავთ ქვეყნის ინტერესებს.

მინდა, ადამიანური მადლიერება გამოვხატო, ვამაყობ იმით, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი. მინდა, მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანის მიმართ. დღეს ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა რომ სუფევს, მისი გამჭრიახობით, მტკიცე ხასიათით და დამოკიდებულებით გვაქვს. ასევე იმ პოლიტიკით, რომელსაც მისი ხელმძღვანელობით ვახორციელებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ჩემს მეგობარს, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ ვართ ერთი დიდი ოჯახი. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მაჭავარიანს. განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ჩემს თანამებრძოლებს, ჩვენს მხარდამჭერებს. ზუსტად თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.

ხვალიდან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც მთელი კამპანიის განმავლობაში რეალური ხედვა გვქონდა, ვსაუბრობდით კონკრეტულ პროექტებზე, გასაკეთებელ საქმეებზე, გამოწვევებზე, არ მოგვრიდებია თუნდაც თუ რა პრობლემებია დედაქალაქში. ზუსტად ვიცით, რა სჭირდება თბილისს, როგორი უნდა იყოს ოთხი წლის შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, რათა გვერდში დაგვიდექით, მხარი დაგვიჭირეთ. როგორც დედაქალაქის მერი, გპირდებით, რომ ამ პატივისცემასა და სიყვარულს დავაბრუნებ გაკეთებული საქმეებით, ძალიან მაგარი პროექტებით. წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს ქვეყანას. თბილისს გაუმარჯოს. ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს, ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი“, – განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები