სახალხო დამცველი პარლამენტს რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების [ვეტოს] არდაძლევისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ლევან იოსელიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია, რომ უფრო მაღალი სტანდარტი იყოს დაწესებული საქართველოში, უცხო ქვეყნიდან თანხების შემოსვლის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ეს მიზანი აბსოლუტურად ლეგიტიმურია, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც არის არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს.
ამ ფორმით, ამ კანონის მიღებამ მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა ამ პროცესს და ამიტომ დღეს შესაძლებელია პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე, მით უმეტეს ამის კარგი მაგალითები გვაქვს და გადაავადოს ამ ვეტოს დაძლევა და გაჩნდეს სივრცე სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, ამ კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.
უკან დახევა ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს, ამიტომ მოგიწოდებთ მხედველობაში მიიღოთ ეს მოსაზრებები და ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა ამ კანონს დაადო“, - განაცხადა იოსეილიანმა.