მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სახალხო დამცველის გამოცდილება, ქონებრივი დეკლარაცია და განათლება

6407301b72968
BM.GE
07.03.23 17:00
1530
პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია. ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ იყო. ცნობისთვის, სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი მისივე პარტია „მოქალაქეებმა“ წარადგინა.

იოსელიანი დეპუტატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გახდა. ის 2021 წლის თებერვლიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

პარლამენტის ვებგვერდის თანახმად, იოსელიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2000 წელს, სამართალმცოდნეობის პროფესიით დაასრულა. იოსელიანი 1999-2001 წლებში თიბისი ბანკის იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობდა, 2001-2008 წლებში იურიდიულ ფირმა იოსელიანი და პარტნიორებს ხელმძღვანელობდა. 2008-2016 წლებში კი იურიდიულ ფირმა იოსელიანის საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელობდა. 2016-2017 წლებში ჩიკაგოს მედიაციის სკოლის კურსებს ესწრებოდა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2022 წლის ივნისში იოსელიანმა შეიძინა 201 კვადრატული მეტრის ბინა საირმის ქუჩაზე. გარიგების ღირებულება 126 ათას დოლარს შეადგენდა. 2020 წელს კი იოსელიანმა კიკეთში 1398 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 62 ათას დოლარად შეიძინა. იოსელიანს ჰყავს ორი ავტომობილი Toyota RAV4 და Toyota Corolla, რომლებშიც ჯამში 29 ათასი დოლარი გადაიხადა. 

დეკლარაციის თანახმად, იოსელიანის მეუღლე თეა ნასარიძე CBD Development-სა და BD Propert-ში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოსტზე მუშაობს. 2022 წელს მისმა ჯამურმა ანაზღაურებამ 109 ათასი ლარი შეადგინა. იოსელიანის შემოსავალი კი დეპუტატობიდან 61 ათასი ლარი, მოწვეული ლექტორობიდან კი ათასი ლარი იყო. 

შეგახსენებთ, 2022 წლის დეკემბერში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. „ქართულმა ოცნებამ“ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. მათ მხარს უჭირდა ოპოზიციის ნაწილიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები