ახალ წლამდე "კია" და "ჰიუნდა" რუსეთში ბიზნესს მთლიანად დახურავენ, ახლა შოურუმები დარჩენილ მანქანებს ყიდიან - ამის შესახებ ტელეგრამის არხი Mash იტყობინება.
ტელეგრამის არხის ინფორმაციით, სანქციების გამო აღნიშნული კომპანიები რუსულ ბაზარს პროდუქტს ვერ აწვდიან, ამასთან, პარალელური იმპორტის საშუალებით მანქანების მიწოდებას უფრო ძვირი და რთულია, ასევე, იმპორტს უფრო მეტი დრო სჭირდება. აღნიშნულია, რომ Kia და Hyundai თავიანთი მანქანების საწყობებიდან ლიკვიდაციას ახდენენ.
Mash-ის ცნობით, Kia-ს არცერთი პოპულარული მოდელი აღარ დარჩა ბაზარზე. მოსკოვის ერთ-ერთ შოურუმში დარჩა Cerato და K5 მოდელები, რომლებიც გაძვირდა მილიონით - ისინი იქ იყიდება 3 მილიონ და 3,5 მილიონ რუბლად. Ამასთან, ჰიუნდაის შოურუმებში აღარ არის Solaris, Elantra ან Sonata.
არხი დასძენს, რომ აღნიშნული კომპანიების ნაცვლად ბაზარზე ჩინური მანქანები ჩნდება. კერძოდ, Kaiyi-სთან მუშაობს Kia-ს ქარხანა კალინინგრადში. ასევე, ზოგიერთ სალონში Baic-ის მოდელები გამოჩნდა.
Russia Today(RT), Kia-ს მხარდაჭერის სერვისზე მითითებით, წერს, რომ KIA Russia და CIS კომპანია აგრძელებენ მუშაობას თავიანთ სადილერო ცენტრებთან და სერვის ზონებთან ერთად. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მანქანის ტექნიკური და საგარანტიო ვალდებულებები რეგლამენტის შესაბამისად ხორციელდება.
ჯერ კიდევ აპრილში, „იზვესტია“ წერდა, რომ რუსულ ავტოდილერებს უცხოური მანქანები ეწურებოდათ მასობრივ სეგმენტში. ეროვნული საავტომობილო კავშირის ვიცე-პრეზიდენტის იან ჰეიზერის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, პარალელური იმპორტი მარაგების შევსებას გაუმკლავდეს. მისი თქმით, საბოლოო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად აისახება ლოგისტიკისა და განბაჟების ხარჯები. ამდენად, აღნიშნული მოდელები აღარ იქნება ხელმისაწვდომი.