მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიბერთაღლითობის საერთაშორისო ქსელის უკან, სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილი დგას - BBC

64366c9ac56ed
BM.GE
12.04.23 12:45
3077
BBC-იმ გამოაქვეყნა მრავალთვიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლებიც საერთაშორისო კიბერთაღლითური სქემებისა და ყალბი ქოლ-ცენტრების საქმიანობას ეხება. ერთ-ერთი ასეთი ქსელი Milton Group-თან არის აფილირებული, რომლის საქმიანობითაც დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და სხვა მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ხანდაზმულ მოქალაქეებს არარსებული ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ფორმით სძალავდნენ დიდი ოდენობის თანხებს, რასაც ყალბი ტრეიდინგული სისტემის სახე ჰქონდა. ხანდაზმულები ქოლ-ცენტრის ოპერატორის - ე.წ. “საინვესტიციო მრჩევლის” დახმარებით დებდნენ თანხებს სხვადასხვა საბროკერო სისტემაში, სადაც მათ 90%-იან ამონაგებს ჰპირდებოდნენ. BBC-ის მიერ დასახლებეული ერთ-ერთი ასეთი საბროკერო სისტემა EverFX-ი იყო.

BBC-ის თანახმად, აღნიშნული ქოლ-ცენტრებისა და ყალბი საბროკერო სქემის შესახებ წარსულში ჟურნალისტური გამოძიებები მომზადებული აქვთ როგორც შვედურ Dagens Nyheter-ს, ასევე სხვა გამოცემებს, რომელთა შედეგადაც გამოიკვეთა იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც წარმოადგენენ მენეჯმენტის რგოლს Milton Group-ის ქსელის კომპანიებისა. ამ კომპანიებთან დაკავშირებული ქოლ ცენტრები მდებარეობდნენ კიევსა და თბილისში.

გამოცემის ცნობით, ესენი არიან დავით თოდუა; რატი ჭელიძე; გურამ გოგეშვილი; იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. აღნიშნული პირებიდან რამდენიმე Panama Papers-ის ჩანაწერებშიც ხვდებიან. BBC-ის თანახმად, ამ პირების კავშირები ძირითადად მიემართებიან ერთსა და იმავე პირთან, ეს არის საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. ამასთან, BBC აღნიშნავს, რომ მათ არ უნახავთ დოკუმენტები, რომლებშიც დავით კეზერაშვილი უშუალოდ იქნებოდა მოხსენიებული, თუმცა არსებობს ლოგიკური კავშირი, რომელიც მაღალი ალბათობით მიანიშნებს იმაზე, რომ უშუალოდ ამ თაღლითური ქსელის ცენტრში სწორედ დავით კეზერაშვილი დგას.

ამასთან, BBC წერს, რომ დავით კეზერაშვილს მის Linkedin-ზე დაშეარებული ჰქონდა სხვადასხვა ვაკანსია, რომლებიც Milton Group-თან იყო დაკავშირებული, ასევე პოსტები, რომლებიც Milton Group-ის ტრეიდინგულ ქსელთან იყო კავშირში.

“BBC-იმ მიაკვლია დავით კეზერაშვილს მის £18-მილიონიან ლონდონის სახლში და მას საკითხზე განმარტების გაკეთება სთხოვა, თუმცა ჩვენ განგვიმარტეს, რომ ის ხელმისაწვდომი არ იყო. მან ადვოკატების დახმარებით BBC-ის განუცხადა, რომ ის კატეგორიულად უარყოფდა ნებისმიერ შემხებლობას Milton Group-თან მიმართებით, ასევე კატეგორიულად განაცხადა, რომ არასოდეს მიუღია რაიმე სარგებელი თაღლითობის გზით. ამასთან, ადვოკატებმა განმარტეს, რომ დავით კეზერაშვილი არ მიიჩნევდა, რომ კომპანია EverFX-ის რაიმე შემხებლობა ჰქონდა თაღლითობასთან და რომ ეს ლეგიტიმური ბიზნესი იყო. ამასთან, ადვოკატთა განმარტებით, მასალები, რომელთაც BBC-იმ მიაგნო და რომლებიც კავშირებზე მეტყველებდნენ, სინამდვილეში არაფერს არ ამტკიცებდნენ,”- ნათქვამია სტატიაში.

BBC-იმ ასევე მიმართა საბროკერო კომპანია EverFX-საც, სადაც ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ მათ სისტემაში ინვესტირებისას მომხმარებლებს საინვესტიციო რისკები სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები