ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციის ფონზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეგიონს "კიდევ ერთი ომი არ სჭირდება”. ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოხატა. კალასის თქმით, ვითარება კრიტიკულია და ახლა გლობალური უსაფრთხოების უმთავრესი პრიორიტეტი პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება უნდა იყოს.
შეგახსენებთ, ოფიციალური ვაშინგტონი თეირანზე წნეხს ბოლო რამდენიმე კვირაა განსაკუთრებით აძლიერებს. ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მიზნით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი როგორც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე წერტილოვან დარტყმებს, ისე რეჟიმის შეცვლის ფართომასშტაბიან კამპანიას განიხილავს. პარალელურად, ამერიკელი მომლაპარაკებლები ცდილობენ, ოფიციალური თეირანი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ომის გარეშე დაითანხმონ. თუმცა ირანის ხელისუფლებისთვის ულტიმატუმების ნაწილი კატეგორიულად მიუღებელია და ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე პირდაპირი სარაკეტო იერიშებით იმუქრება.
იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კონფლიქტში ჩართვას არ განიხილავენ, ისინი სრულად იზიარებენ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის შეშფოთებას ირანის ბირთვული პროგრამისა და სარაკეტო არსენალის შესახებ. როგორც კალასი ამბობს, აიათოლას ხელისუფლება ასეთი სუსტი აქამდე არასდროს ყოფილა, შესაბამისად, არ არსებობს მიზნის ომით მიღწევის საჭიროება. ანალიტიკოსების შეფასებით, ბრიუსელის მთავარი სტრატეგიული მიზანია, ტრამპს სამხედრო იერიში გადააფიქრებინოს, რადგან ეს სრულმასშტაბიან ომს და, შედეგად, ევროპაში ახალ მიგრაციულ ტალღებს გამოიწვევს.




























