მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კიდევ უფრო მეტი გაკეთდება“ - კალაძე საავტობუსე ზოლების მოწინააღმდეგეებს პასუხობს

თბილისის მერია

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმისა და კონკრეტულად საავტობუსე ზოლების ოპონენტებს პასუხობს და ამბობს, რომ დედაქალაქში კიდევ უფრო მეტი საავტობუსე ზოლი გაკეთდება. ამის შესახებ მან მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის მთავარი მიზანი ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. კახა კალაძე ოპონენტებს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმირებას ეწინააღმდეგება პროცესში ჩართულობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამისთვის მზად არის.

„თბილისი თავისი რელიეფიდან გამომდინარე სპეციფიკურია და შეუძლებელია რაღაცეების გადმოკოპირება და იმის გათვალისწინებით რა მდგომარეობაც გვაქვს ქალაქში მაქსიმალურს ვაკეთებთ. ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია, ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელმისაწვდომობაა, რომ ის მაქსიმალურად სწრაფი იყოს. ამისთვის 18-მეტრიანი ავტობუსი შემოგვყავს, რომ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ ერთი ადგილიდან მეორეზე, ამიტომ კეთდება საავტომობილო ზოლები. თუ იცით მეგობრებო რამე დამატებით - რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, გასაკეთებელია ესეც გვითხარით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს არც თანამშრომლობა და არც შენიშვნების მიღება. ეს უნდა იყოს არგუმენტებზე და კვლევებზე დაფუძნებული, რადგან ყველა ამ გადაწყვეტილებას უკან დაკვირვებები და კვლევები უდგას და შეუცდომელი არავინაა.

დედაქალაქში პიკის დროს 650 000 ავტომობილი გადაადგილდება. 2012 წლამდე 180 000-მდე ავტომობილი გადაადგილდებოდა.

ჩვენ გვესმის მოსაზრებები - რატომ ამდენი საავტობუსე ზოლი? ეს კიდევ ძალიან ცოტაა და კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, რადგან დღეს თუ კონკრეტულ ლოკაციებზე არის საცობი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დგას ამ საცობში, ამიტომ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იყოს შესაბამისი ზოლები, ავტობუსს და მიკროავტობუსს ძალიან ბევრი ადამიანი გადაჰყავთ. გვინდა კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ და ადამიანს 20-30 წუთი გაჩერებაზე დგომა არ უწევდეს და ავტობუსების გადაჭედილი არ იყოს. ამიტომ ის პროექტები, რომელიც დაწყებული გვაქვს ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და შედეგიც სახეზე იქნება. ამიტომ ხდება ქუჩების მოდერნიზება, ახალი დიზაინის პროექტების გაკეთება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები