კიევის მერი ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქი თავდაცვის მდგომარეობაში გადავიდა.
„ქალაქი დაცვის მდგომარეობაში გადავიდა. ამ დროისთვის ზოგიერთ რაიონში სროლა და აფეთქებები მიმდინარეობს. უკრაინელი სამხედროები ანეიტრალებენ რუსეთის დივერსიულ ჯგუფებს. სამწუხაროდ, ზოგიერთმა დივერსიულმა ჯგუფმა კიევში უკვე შემოაღწია. უკრაინული ჯარი კიევის გარშემო დაცვის ხაზში დგას, მდგომარეობა რთულია, მაგრამ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების. ვამხნევებთ და ვეხმარებით მათ“, - განაცხადა კლიჩკომ.
კიევის მერმა დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა და სახლსა და თავშესაფრებში დარჩენა და მარაგების გაკეთება სთხოვა.
უკრაინული გამოცემები იუწყებიან, რომ კიევში საგანგაშო სიგნალებია ჩართული.
რამდენიმე ხნის წინ კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევის დასავლეთის ბლოკირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, რუსეთის საჰაერო დესანტის სამხედროებმა კიევთან მდებარე აეროდრომი გოსტომელი დაიკავეს, იქ მანამდე განთავსებულ რუს სამხედროებთან ერთად. აღსანიშნია, რომ აეროდრომ გოსტომელის დაკავების შესახებ რუსეთისა და უკრაინის ძალოვანები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებდნენ.
დღეს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოწინავე და მთავარი სამხედრო დანაყოფების გაერთიანებამ დასავლეთიდან კიევის ბლოკირების შესაძლებლობა მისცათ.