ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა მემკვიდრე დაასახელა. სამხრეთ-კორეული სადაზვერვო სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მომავალი ერთპიროვნული მმართველი ჩენ ინის ქალიშვილი, 13 წლის კიმ ჯუ ე იქნება. მას შემდეგ, რაც მამის სამართალმემკვიდრედ კიმ ჯუ ე ოფიციალურად დამტკიცდება, ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი გახდება, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო.
ის ჩრდილოეთ კორეის ბელადის მემკვიდრის სტატუსს ოფიციალურად თებერვლის მიწურულს დაგეგმილ კომუნისტური პარტიის კონგრესზე მიიღებს. შედარებისთვის, კიმ ჩენ ინი მამამ, კიმ ირ სენმა ქვეყნის მომავალ მმართველად 2009 წელს, 26 წლის ასაკში დანიშნა. იქიდან 2 წელიწადში კი, 2011 წელს ოფიციალურად გადააბარა მართვის სადავეები.
რაც შეეხება თავად კიმ ჯუ ეს, ის პირველ მნიშვნელოვან ღონისძიებას გასული წლის სექტემბერში, ჩინეთში დაესწრო, სადაც სამხედრო აღლუმი იმართებოდა. ის მამის გვერდით იჯდა და, განსხვავებით სხვა ოჯახის წევრებისაგან, მის გვერდითაც დადიოდა, რაც, ჩრდილოეთ კორეაში საჯაროდ მკაცრად იკრძალება. პირველად ჩრდილოეთ კორეელმა მოსახლეობამ კიმ ჯუ ე კიმ ჩენ ინთან ერთად 2022 წელს იხილა. ის მამასთან ერთად ესწრებოდა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვებას. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეის მომავალი ბელადი შეხედულებებს პოლიტიკისა თუ სოციალური საკითხების შესახებ უკვე ხმამაღლა აჟღერებს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილისაგან განსხვავებით, მას გრძელი თმით საჯაროდ სიარულის უფლება აქვს და იცვამს ძვირად ღირებულ სამოსებს.
ცნობისთვის, კიმ ჯუ ეს დასახელებამდე ჩრდილოეთ კორეის მომავალ მმართველად კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჯონგი მიიჩნეოდა. ის წლების განმავლობაში ჩნდებოდა ძმასთან ერთად და ესწრებოდა არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. მათ შორის, შეხვედრას პრეზიდენტ ტრამპთან, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ კიმების დინასტიის ისტორიაში ქალები მმართველ რგოლში ასე დაწინაურებულები არასდროს ყოფილან.




























