სომხური წარმოშობის ამერიკელი მედია პერსონის და მეწარმის, კიმ კარდაშიანის ბრენდის - Skims-ის საბაზრო ღირებულება $5 მლრდ-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC წერს.
როგორც გამოცემისგან ვიგებთ, ბრენდის ღირებულების ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც კომპანიამ 225 მილიონი დოლარის ახალი ინვესტიცია მიიღო. დაფინანსება, რომელშიც ერთ-ერთი კონტრიბუტორი უოლ სტრიტის საბანკო გიგანტის, Goldman Sachs-ის ფილიალი იყო, ბრენდს დაეხმარება მსოფლიო მასშტაბით გაფართოებასა და ახალი მაღაზიების გახსნაში.
„მოუთმენლად ველით Skims-ის შემდეგ დონეზე აყვანას, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას და ჩვენი ინდუსტრიისთვის სტანდარტების დაწესებას“, - განაცხადა კარდაშიანმა.

Skims, რომელიც 2019 წელს დაარსდა და კონცენტრირებულია სამოსის საშუალებით სხეულის ფორმების კორექციაზე, დღეს უკვე აშშ-ში 18 მაღაზიას ფლობს და მსოფლიოს მასშტაბით ყიდის თავის პროდუქტებს. მომდევნო წლების განმავლობაში კომპანია ძირითადად ფიზიკურ საცალო ქსელზე კონცენტრირდება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წლევანდელი გაყიდვები 1 მლრდ დოლარს გადააჭარბებს, რაც აღმასრულებელ დირექტორს აძლევს თავდაჯერებულობას გრძელვადიანი მიზნების რეალიზებისთვის.




























