„კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორის შეფასებით, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული საგადასახადო შემოწმებით დარიცხული ჯარიმის 50%-ის გაუქმების მეთოდური მითითება საგადასახადო კოდექსში არსებული გარკვეული ბუნდოვანი ჩანაწერების განმარტებას იძლევა.
თუმცა მეორეს მხრივ კანონის მიღებიდან 7 წლის თავზე მისი გამოცემა გარკვეულ კითხვებს ბადებს - ხომ არ უკავშირდება ეს ბიუჯეტის შევსების პრობლემას და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი საგადასახადო შემოწმებაა დაგეგმილი, ხომ არ მოხდება კომპანიებისთვის ხისტად გადასახადების დაკისრება, რა პრაქტიკასაც მისი თქმით, წლების წინ ჰქონდა ადგილი.
როგორც ცნობილია, 26 სექტემბერს საქართველოს შემოსავლების სამსახურმა გამოსცა ახალი მითითება, რომელიც საგადასახადო დარღვევების შემთხვევაში დარიცხული ჯარიმების ნაწილის გაუქმების შესაძლებლობას აწესებს. საუბარია კომპანიებისთვის საგადასახადო შემოწმებების შედეგად დაკისრებული ჯარიმების 50%-ის გაუქმების წესზე. ინიციატივა სავარაუდოდ, საგადასახადო დავალიანებების ნებაყოფლობით გადახდის წახალისებას ისახავს მიზნად, რადგანაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმები მრავალ შემთხვევაში კომპანიების მხრიდან საჩივრდება, რაც მათი გადახდის პროცესს ახანგრძლივებს და როგორც სახელმწიფოსთვის ასევე კომპანიებისთვის დამატებით იურიდიულ ხარჯებს წარმოშობს.
“ეს საკანონმდებლო ნორმა არსებობს 2019 წლის 1 იანვრიდან და პერიოდულად ბიზნესი დავალიანების ჩამოწერის ამ შესაძლებლობას იყენებდა. საუბარია მხოლოდ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ძირითადი გადასახადისა და ჯარიმის ნახევრის, 50%-ის გადახდაზე 30 დღის ვადაში, როცა ეს ვალი არის აღიარებული. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო აწერდა დავალიანების მეორე ნახევარს, ანუ 50%-ს.
მარტივად რომ ვთქვათ, საგადასახადო შემოწმება რომ დამთავრებულიყო შედეგით: 100 000 ლარი ძირითადი გადასახადის დარიცხვა და 50 000 ლარი ჯარიმა, პლუს კიდევ საურავის თანხა, ანუ 125 000 უნდა გადაეხადა ბიზნესს 30 დღის ვადაში, აღიარება უნდა მოეხდინა ამ დავალიანების და ამ შემთხვევაში 25 000 ლარს ჩამოაწერდნენ, ანუ, ჯარიმის მეორე 50%-ს.
კოდექსის 279-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, ამ ნორმაში არსებული ჩანაწერის გარდა, მეტი სხვა არაფერი არსებობდა და იყო რაღაცა ორაზროვნებები… მაგალითად, იყო ორაზროვნება, რომ მარტო ჯარიმა რომ დარიცხვოდა გადამხდელს, ამ შემთხვევაში მოხდებოდა თუ არა ჯარიმის ნახევრის გადახდის შემთხვევაში მეორე ნახევრის ჩამოწერა. მათ შორის, ყველა ჯარიმაზე რამდენად გავრცელდებოდა ეს, რაც დაერიცხა გადამხდელს შემოწმების შედეგად და აქაც მოხდა დაზუსტება, რომ ე.წ ყალბი ფაქტურებზე ეს შეღავათი არ ვრცელდება.
ჩემი აზრით, აქ ახალი მაინცდამაინც არაფერია გარდა იმისა, რომ თვითონ შემოსავლების სამსახური ცდილობს, რომ პოპულარიზაცია მოახდინოს ამ მუხლის, რომ უფრო მეტმა ბიზნესმა გაიგოს ამ ნორმის შესახებ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა არც იცოდა ამის შესახებ.
ის, რომ ეს ნორმა განმარტა კანონმდებელმა, მე ამაში ვერაფერს ვხედავ ცუდს, თუმცა გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ უკავშირდება ეს ბიუჯეტის შევსების რაღაც გარკვეულ პრობლემებთან. ფაქტობრივად, სამივე კვარტალში ერთი და იგივე ტენდენცია იკვეთება, რომ საშემოსავლო გადასახადის გარდა, სხვა გადასახადების მობილიზებასთან დაკავშირებით არის სირთულეები და ბიუჯეტი ივსება ფაქტობრივად მეტობით გადახდილი გადასახადის ხარჯზე. ვიცით, რომ ძალიან ბევრი შემოწმებაა დანიშნული, რაც გაჩერებული იყო მთელი ეს პერიოდი და ხომ არ მოხდება ისე, როგორც ხდება ხოლმე ოთხ-ხუთ წელიწადში ერთხელ, რომ ბიუჯეტის შევსების პრობლემებიდან გამომდინარე ხდება ხოლმე ხისტად გადასახადის დარიცხვები და ასე ცდილობს შემოსავლების სამსახური თანხების მობილიზებას.
მართალი გითხრათ, ბოლო წლებში ეს არ მომხდარა, მაგრამ ოთხი-ხუთი წლის წინ ასეთი ფაქტები გვახსენდება. ვნახოთ, მთავარია, ამ ნორმის გამოყენება არ მოხდეს ბოროტად და კანონსაწინააღმდეგოდ. ცალკე აღებული, ის ფაქტი, რომ ნორმა დაზუსტდა და ის ორაზროვნება აღმოიფხვრა, ცალკე აღებული ცუდს არაფერს ნიშნავს”,- აცხადებს დავით პაპიაშვილი.




























