მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული ჯარიმის 50%-ის გაუქმების წესი დაამტკიცა

ფული

საქართველოს შემოსავლების სამსახურმა გამოსცა ახალი მითითება, რომელიც საგადასახადო დარღვევების შემთხვევაში დარიცხული ჯარიმების ნაწილის გაუქმების შესაძლებლობას აწესებს. BDO-ს მიერ გამოქვეყნებული სამართლებრივი მიმოხილვის თანახმად, საუბარია კომპანიებისთვის საგადასახადო შემოწმებების შედეგად დაკისრებული ჯარიმების 50%-ის გაუქმების წესზე. სავარაუდოდ ინიციატივა საგადასახადო დავალიანებების ნებაყოფლობით გადახდის წახალისებას ისახავს მიზნად, რადგანაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმები მრავალ შემთხვევაში კომპანიების მხრიდან საჩივრდება, რაც მათი გადახდის პროცესს ახანგრძლივებს და როგორც სახელმწიფოსთვის ასევე კომპანიებისთვის დამატებით იურიდიულ ხარჯებს წარმოშობს.

"მეთოდურ მითითებაში განსაზღვრულია გადასახადებისა და ჯარიმების გადახდის წესები. ასევე, საილუსტრაციო მაგალითებით განიმარტა, რომ გადახდისას მხედველობაში არ მიიღება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე/გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანება/ზედმეტობა და, შესაბამისად, გადახდა უნდა განხორციელდეს ფაქტობრივად სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.

ამავდროულად, ხსენებული თანხის ჩარიცხვა არ წარმოშობს იქამდე არსებული სხვა საგადასახადო დავალიანების დაფარვის საშუალებას.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წესით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევებშიც, როდესაც საგადასახადო შემოწმების შედეგად ირიცხება მხოლოდ ჯარიმა ან/და გადასახადთან და ჯარიმასთან ერთად ასევე გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გადასახდელი მოსაკრებელიც,"- ნათქვამია BDO-ს მიმოხილვაში.

როგორ მოქმედებს ახალი წესი

მეთოდური მითითების მიხედვით, ჯარიმის შემცირებით სარგებლობისას გადახდა უნდა განხორციელდეს უშუალოდ სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, და არა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის ან დავალიანების დაფარვით.

ასევე, აღნიშნულია, რომ ეს გადახდა არ დაფარავს ადრე არსებულ საგადასახადო დავალიანებებს - ანუ შეღავათი ეხება მხოლოდ იმ ჯარიმებს, რომლებიც დარიცხულია კონკრეტული შემოწმების შედეგად.

ახალი წესით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც, თუ შემოწმების შედეგად ირიცხება მხოლოდ ჯარიმა ან ჯარიმასთან ერთად გადასახადი და მოსაკრებელი.

გამონაკლისები

გადასახადის გადამხდელი ვერ ისარგებლებს ჯარიმის შემცირებით იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო მოთხოვნა დაკავშირებულია სერიოზულ დარღვევებთან - მაგალითად:

  • 280-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გადასახადის უკანონო ჩათვლა ფიქტიური გარიგების ან ყალბი დოკუმენტით),
  • ან 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ დარღვევებზე (ყალბი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა ან ფიქტიური ოპერაციის დაფიქსირება).

განაცხადების წარდგენის წესი

მითითება ასევე განსაზღვრავს შესაბამისი განაცხადების წარდგენისა და განხილვის ვადებს, აგრეთვე მოიცავს განცხადების ნიმუშს, რომლის შევსებითაც გადამხდელებს შეუძლიათ ოფიციალურად მოითხოვონ ჯარიმის შემცირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები