მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მეტად, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს 4 წლის თავზე, 2028 წლისთვის 30 000-მდე სტუდენტის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროგრამების გაფართოებას, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ამ გეგმის განხორციელება თავიდან ბოლომდე დაფინანსდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ.
„მე მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და არის ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება უნივერსიტეტის შემდგომ გაფართოებას. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის განვითარების სამომავლო 4-წლიანი გეგმის წარდგენას საზოგადოების წინაშე და ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება განათლების რეფორმის განხორციელება და კონკრეტულად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებაზე და აქ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს.
ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს 2 განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით. ეს გულისხმობს იმას, რომ მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მეტად, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს 4 წლის თავზე, 2028 წლისთვის 30 000-მდე სტუდენტის მიღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ და რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროგრამების გაფართოებასაც, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამ გეგმის განხორციელება თავიდან ბოლომდე დაფინანსდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, რისი მზაობაც მან პირადად დაადასტურა და ამისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქალაქ ქუთაისის და მთლიანად იმერეთის რეგიონის განვითარებას.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარება სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვჭირდება რეგიონების თანაბარი განვითარება და ამ კუთხითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაფართოება ხელს შეუწყობს სწორედ თანაბარ რეგიონულ განვითარებას. ეს ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, ქალაქ ქუთაისის, მთლიანად იმერეთის რეგიონის განვითარებას და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალ სიცოცხლეს შეიძენს, როგორც ქალაქი ქუთაისი, ასევე მთლიანად ეს რეგიონი და კიდევ უფრო მეტად განვითარდება, ზოგადად, დასავლეთ საქართველო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთო განვითარებისთვის.
კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის დამფუძნებელს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი ამ უნივერსიტეტის განვითარებაში, მადლობა მინდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მენეჯმენტს და ბოლოს, კიდევ ერთხელ, მინდა მივულოცო თითოეულ კურსდამთავრებულს, მინდა მივესალმო და მივულოცო მათი ოჯახის წევრებს. ეს არის თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის თქვენი კარიერული წინსვლის ძალიან კარგი დასაწყისი და ყველას მინდა ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ სამომავლო ასპარეზზე თქვენს კარიერასა და პირად ცხოვრებაში. უღრმესი მადლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ, ფონდ ქართუს გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ფონდი ასრულებს დანაპირებს, და 1 მლრდ ევროს მოცულობის დაფინანსების დონაცია განათლებაში გეგმაზომიერად მიმდინარეობს.