ინდური კომპანიების წარმომადგენლების შეფასებით, დიდი ინდური ქორწილების გასამართად საქართველოდან ნამდვილად კარგი დანიშნულების ადგილია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს, რომელიც საქართველოში ინდოეთიდან 15 მსხვილ კომპანიას მასპინძლობს.
უწყების ცნობით, კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები. ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
GNTA ქვეყანაში ვიზიტით მყოფი ინდური კომპანიების წარმომადგენლების შეფასებებს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, Wed Me Good-ის წარმომადგენელი ანკიტ დანტვალი ამბობს, რომ საქართველოში ქორწილების ჩატარების შესაძლებლობას ინდოეთში დაბრუნებისას გუნდთან ერთად განიხილავს.
„საქართველოში ჩამოსვლისას მიხვდებით, თუ რას ნიშნავს ნამდვილი სტუმართმოყვარეობა. აქ საოცარი ხალხია, კერძები გამორჩეულია, ამინდი კი საუკეთესო.
ქორწილებისა და ღონისძიებებისთვის ჩვენ საქართველოში ბევრი ლოკაცია და სივრცე მოვინახულეთ. საქართველოში ვიზიტის შემდეგ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ყველაზე დიდი ინდური ქორწილებისთვის საქართველო ნამდვილად შემდეგი ტურისტული მიმართულებაა. მოუთმენლად ველოდები ინდოეთში დაბრუნებას და დეტალურად განხილვას ჩემს გუნდთან. 100%-ით, თავდაჯერებით, ვიტყვი, რომ საქართველო იქნება შემდეგი მიმართულება, რომელსაც ინდოელები ღონისძიებების ჩასატარებლად აუცილებლად ეწვევიან“, - ამბობს ანკიტ დანტვალი.
კიდევ ერთი კომპანია Iskra Events and Celebrations-ის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ საქართველოში ქორწილების ჩატარებას თავის კლიენტებს შესთავაზებს.
„საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა, რომელსაც მხოლოდ ფოტოებით ვიცნობდი. ჩემი აზრით, საქართველო მშვენიერი ადგილია ჩვენი ღონისძიებებისთვის, მათ შორის დიდი ქორწილებისთვის. საქართველოში გრანდიოზული ქორწილების გამართვა შესანიშნავი იდეაა. სწრაფი ვიზა, მეგობრული გარემო, საუკეთესო მომსახურება, მშვენიერი კერძები, საოცარი მიმართულება როგორც MICE ღონისძიებებისთვის, ასევე ქორწილებისთვის. ყველა კლიენტს შევთავაზებთ, რომ საქართველოში ქორწილი გადაიხადონ“, - აცხადებს Iskra Events and Celebrations-ის წარმომადგენელი ბირჯუ გარიპა.
კიდევ ერთი შეფასება ინდური კომპანია Viva Weddings-ის წარმომადგენელი არუნ ბაბლანის ეკუთვნის, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით ამბობს, რომ მათი სურვილია საქართველოში ბევრი ღონისძიების გადმოტანაა.
„ვფიქრობ, საქართველო საუკეთესო დანიშნულების ადგილია ქორწილებისთვის. აქ იდეალური ერწყმის ერთმანეთს კულტურა, ტრადიციები და კერძები. თან პირდაპირი ავიარეისებიც გვაქვს. ჩვენ, როგორც საქორწილო მიმართულებების ორგანიზატორებს, ძალიან მოგვწონს ქართული სასტუმროები. აქ ყველაფერი ბუნებაზეა ორიენტირებული. მოუთმენლად ველით, რომ ბევრი ქორწილი ჩატარდეს საქართველოში, ბათუმში, კახეთში, სხვა ადგილებში. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ჩვენი სურვილია ბევრი ღონისძიება გადმოვიტანოთ საქართველოში მომდევნო წლებში“, - აცხადებს არუნ ბაბლანი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათი მიზანი ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარებაა, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.




























