მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლიმატის ცვლილება ყავის ბიზნესს საფრთხის ქვეშ აყენებს - რას აპირებს Starbucks-ი?

სტარბაქსის ყავა

ყავა, უფრო კონკრეტულად კი მისი ყველაზე ცნობილი სახეობა, არაბიკა, ფაქიზი მცენარეა. კლიმატის ცვლილება კი ყავის მწარმოებელ ბიზნესებსა და ფერმერებს საფრთხის ქვეშ აყენებს. ინტერამერიკული განვითარების ბანკის ბოლო ანგარიშის თანახმად, ყავის მცენარე სპეციფიკურ ტემპერატურას, ტენიანობის დონესა და სინათლეს მოითხოვს, რომელიც, ამ დროისთვის, ლათინური ამერიკის “ყავის სარტყელად” წოდებულ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომია, თუმცა ტემპერატურის ზრდა 2050 წლისთვის ყავის ხის ზრდისთვის ხელსაყრელი ტერიტორიის ფართობს 50%-მდე შეამცირებს. 

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, კლიმატის ცვლილებამ ყავის მოყვანისთვის ხელსაყრელი პირობები სხვა ქვეყანაში შექმნას, მაგრამ იმისთვის, რომ მოსავალი ამჟამინდელ ქვეყნებშიც შენარჩუნდეს, გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო - სწორედ აქ ჩნდება ყავის უმსხვილესი მწარმოებელი Starbucks-ი.

Starbucks-ი, რომელზეც მსოფლიოში რეალიზებული ყავის 3%-იანი წილი მოდის, არაბიკას ყავის ახალი ჯიშების გამოყვანაზე მუშაობს, რომელთა კულტივაციაც თბილ კლიმატურ პირობებშიც შესაძლებელი იქნება. 

10 წელზე მეტია, Starbucks-ის აგრონომები სხვადასხვა ტიპის ყავის ხეების შეჯვარებით ახალი ჯიშის გამოყვანას ცდილობენ, რომელიც დიდი ოდენობით ნაყოფს მოკლე დროში გამოიღებს და ყავის ფოთლის ჟანგვას, ყავის ხეებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას გაუძლებს.

ასობით კომბინაციის გამოცდის შემდეგ კომპანიამ 6 კომბინაცია შეარჩია, რომელიც, კლიმატურ უპირატესობებთან ერთად, ყავის გემოსა და არომატის სტანდარტებსაც აკმაყოფილებს. Starbucks-ის ყავის 6 ახალი სახეობა ფერმერებისთვის კომპანიის ყავის ფირმაში, კოსტა-რიკაშია ხელმისაწვდომი. 

Starbucks-ის კატალოგში თითოეულია ახალი მცენარის შესახებაა ინფორმაცია ხელმისაწვდომი. მაგალითად, ერთ-ერთი ტიპის ყავას ნესვის, თაფლისა და ლერწმის არომატი აქვს, სხვას კი უფრო ციტრუსოვანი და მცენარეული. კატალოგში თითოეული მცენარის მოვლის ინსტრუქციაც შედის, სადაც ახსნილია რამდენი წელი დასჭირდება ფერმერს, ვიდრე პირველ მოსავალს მიიღებს.

Starbucks-ს მსოფლიოს მასშტაბით 36-ათასამდე კაფე აქვს გახსნილი და, შესაბამისად, ბიზნესი სრულად ყავის მოსავალზეა დამოკიდებული. კომპანია 30 ქვეყნის 400-ათასამდე ფერმერთან თანამშრომლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები