ქირურგი და კლინიკა „ლანცეტის“ თანადამფუძნებელი, ფარმან ჯეირანლი თავისუფალია. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მან საპატიმრო 14 აპრილს დატოვა.
საქმე ის არის, რომ კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი სასამართლომ 2018 წლის 2 თებერვალს ცნო დამნაშავედ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სავარაუდოდ, პატიმრობის ვადა ამოეწურა.
კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს ფარმან ჯეირანლის პროკურატურა პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებოდა. საქმე 2016 წელს კლინიკაში ჩატარებულ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ორ ოპერაციას ეხება, რომლის შედეგადაც ორივე პაციენტი გარდაიცვალა. გამოძიების თანახმად, ოპერაციის ჩატარებამდე, შპს "ლანცეტის“ დირექტორი ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. გარდა ამისა, გამოძიების ინფორმაციით, ტრანსპლანტაციის ოპერაცია აზერბაიჯანიდან მოწვეულმა ექიმმა ჩაატარა, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა.
bm.ge უკვე ესაუბრა ფარმან ჯეირანლის იმდროინდელ უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საპატიმრო ნამდვილად დატოვა.