რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე მესხი bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ყველა დეპარტამენტით აახლებს.
"ამ ეტაპზე ჯამში 116 საწოლი გვაქვს, საიდანაც 24 ჰემოდიალიზის საწოლია, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანები სტაციონარში არ რჩებიან. საერთო ჯამში, კლინიკაში ყველა დეპარტამენტი იხსნება, რომელიც მანამდე ფუნქციონირებდა. ყველა დეპარტამენტი მზად იქნება პაციენტების მისაღებად. ჯამში, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტსა და სტაციონარში 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული.
რაც შეეხება კადრების შევსებას, ამ ეტაპზე ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რაოდენობა გვყავს და პროცესი მიმდინარეა. 200 თანამშრომლამდე უკვე ავიყვანეთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ფუნქციონირებისთვის როგორც ტექნიკურ, ასევე ადამიანური რესურსის ნაწილში პრობლემები არ გვაქვს", - განაცხადა მესხმა bm.ge-სთან.
რაც შეეხება აკრედიტაციას, ალექსანდრე მესხის თანახმად, პროცესი დაწყებულია.
“ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს სამუშაოები და ვფიქრობ, ფუნქციონირებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება”,- აღნიშნა მან.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 22 იანვარს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შენობა არარენტაბელური იყო და იგეგმებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. ამ გადაწყვეტილებას კლინიკის ექიმების პროტესტი მოჰყვა. საავადმყოფოს დანგრევის დაანონსებასთან ერთად, თანამშრომლებს კომპენსაცია შესთავაზეს. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების დირექტორი ნინო ოთარიშვილი ივნისში BMG-სთან აცხადებდა, კლინიკა 350-მა ადამიანმა დატოვა.
თებერვალში უკვე ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ირაკლი ღარიბაშვილის დემონტაჟის გადაწყვეტილება გაუქმდა და პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა, პარალელურად კი, კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტი განხორციელდებოდა.