მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს წერილი, რომ კვლავ საჭიროა მობილიზაცია - რატომ?

60f69e4c06a82
ინგა მურუსიძე
20.07.21 21:45
555
გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკებმა ივლისის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს წერილები იმასთან დაკავშირებით, რომ შეეძლოთ დემობილიზაცია გაეკეთებინათ, თუმცა ორი კვირის შემდეგ კვლავ მიუვიდათ წერილები, რომ მობილიზაციის ფორმატში რჩებიან.

დღეს ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ჰკითხეს, აკონტროლებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო სიტუაციას და რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება მოკლე ვადებში.

„კლინიკების მობილიზაცია და დემობილიზაცია დახურვას არ ნიშნავს. ეს არასწორია. ამ შემთხვევაში მობილიზაცია/დემობილიზაცია არის პროცესი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იყენებს მთელი პანდემიის განმავლობაში. კლინიკები არ იხურებიან, დემობილიზაცია ნიშნავს, რომ კლინიკა უბრუნდება მის ჩვეულ საქმიანობის რეჟიმს. ანუ ექსკლუზიურად კოვიდ-სერვისიდან გადადის კვლავ ჩვეული მომსახურების რეჟიმში. იმის გამო, რომ შემთხვევების რაოდენობა 600-მდე შემცირდა, კლინიკებს მივწერეთ, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდებოდა, დემობილიზაცია შეეძლოთ გაეკეთებინათ ორ კვირაში, ხოლო ორი კვირის შემდეგ მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო, ამიტომ მივწერეთ, რომ საჭირო იყო კვლავ მობილიზაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში 2021 წლის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული - 2,616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქამდე მიმდინარე წლის ახალი შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა 2,171 იყო, რაც 5 მაისს დაფიქსირდა.

თუკი უფრო გრძელვადიან პერიოდს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ვირუსის ახალი შემთხვევების უფრო დიდი რაოდენობა (3,064) ბოლოს 2020 წლის დეკემბერში, კერძოდ, 22 დეკემბერს დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები