ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კლინიკები, მიცემულ ვადებში, დარღვევებს არ გამოასწორებენ ლიცენზია შეუჩერდებათ ან სხვა მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული.
„ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახური და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, გეგმიურ რეჟიმში, ახორციელებს კლინიკების კონტროლს. მონიტორინგის შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები და რიგ შემთხვევებში, სერიოზული ხარვეზები დაფიქსირდა.
ისინი ინფორმირებულები არიან კონკრეტულად იმ პრობლემებზე, რომლებიც მათთან ფიქსირდება. იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომ დიდი ხნის განმავლობაში რთულ პერიოდში უწევდათ ოპერირება კლინიკებს ეძლევათ ვადა, რომ გამოასწორონ ეს ხარვეზები და გეგმურად 2 კვირაში, 10 დღეში ერთხელ მიმდინარეობს გადამოწმება.
იმ შემთხვევაში თუ ხარვეზები არ არის აღმოფხვრილი ან მნიშვნელოვანი დარღვევებია, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება, ესაა ლიცენზიის შეჩერება თუ სხვა მკაცრი სანქციები. უნდა აღვნიშნო, გაცემულ გაფრთხილებებს, საკმაოდ სერიოზულად ეკიდება ჰოსპიტალური სექტორი და აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის აღმოფხვრაზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, თუმცა კლინიკებისა და იქ გამოვლენილი დარღვევების იდენტიფიცირება არ მოუხდენია.