მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კლინიკის თანამშრომელთა უფლებები სრულად იქნება დაცული" - ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

რესპუბლიკურის თანამშრომლების ნაწილი სამუშაოდ რუხში გადავიდა, ნაწილმა კი ამაზე უარი თქვა - აზარაშვილი

ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. შესაბამის დოკუმენტებს, თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური პაკეტი, რომელიც დასაქმების შესაძლებლობას, თუ ღირსეულ კომპენსაციას გულისხმობს, კლინიკის პერსონალს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა 22 იანვარს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს. შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:

  • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი;
  • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს;
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს;
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის;

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა, შეთავაზებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 14 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ, რის შემდეგაც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.

სამინისტრო წერს, მნიშვნელოვანია, რომ კლინიკის თანამშრომელთა უფლებები სრულად იქნება დაცული. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მათი ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა. პროცესს, უშუალო ზედამხედველობას, შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.

შეგახსენებთ, თავდაპირველად ოფიციალური პირების მხრიდან შეთავაზებულ კომპენსაციებზე პასუხის ვადად 90 დღე დასახელდა. დასაქმებულები ამბობენ, რომ ვადის ცვლილება ფინანსური შანტაჟია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები