მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე ადასტურებს, რომ VTB ბანკს ყიდვის მსურველები ჰყავს

6358fd613d7c8
ინგა მურუსიძე
26.10.22 13:25
698
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ადასტურებს, რომ VTB ბანკს ყიდვის მსურველები ჰყავს, თუმცა ეროვნულ ბანკში ყიდვაზე ოფიციალური მოთხოვნა არ შესულა. ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა bm.ge-ს შესაბამის კითხვას.

„VTB-სთან დაკავშირებით რაიმე ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. ის არის სანქცირებული ბანკი, არ გაკოტრებულა, დღესაც მოქმედი, მაღალკაპიტალიზირებული, ლიცენზირებული ბანკია და აგრძელებს მუშაობას სანქციებისა და შეზღუდვების ფარგლებში.

არიან ყიდვის მსურველები, თუმცა ეროვნულ ბანკში მოთხოვნა ბანკის ყიდვაზე არ შემოსულა“, - განაცხადა გვენეტაძემ და ყიდვის მსურველების ვინაობა არ დააკონკრეტა.

BMG-ის ინფორმაციით, ბანკის მყიდველი, სავარაუდოდ, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი იქნება, რომელიც 2013-2022 წლების განმავლობაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ჰოლდინგ "სისტემას" ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას Intracom Telecom-ს მართავდა. 25 ივლისს ხიდაშელმა BMG-ისთან საუბარში ბანკის შეძენის ინტერესი არც უარყო და არც დაადასტურა. "შეგატყობინებთ, როგორც გავაკეთებ ან შევიძენ რამეს,"- განაცხადა ხიდაშელმა.

“ვითიბი ბანკმა”, რომელიც თებერვლიდან მოყოლებული აშშ-ის ხაზინის სანქცირებულ პირთა სიაშია, საქართველოს ეროვნულ ბანკს 2022 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშგება წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, “ვითიბიმ” სანქციების შედეგად 91.5 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. ბანკმა საკუთარი აქტივების, სესხებისა და დეპოზიტების უდიდესი ნაწილიც დაკარგა.

სანქციების დაწესებისთანავე, ვითიბის სადეპოზიტო და საკრედიტო პორტფელები, ასევე ინფრასტრუქტურა და პერსონალი ბაზისბანკმა და ლიბერთი ბანკმა გადაინაწილეს. შედეგად, ბანკის ფინანსური მაჩვენებლები ასე შემცირდა:

აქტივები - 471 მილიონი ლარი, კლება 77%;
სესხები - 311 მილიონი ლრი, კლება 79%;
დეპოზიტები - 42.6 მილიონი ლარი, კლება 97%.

ბანკის აქციათა 97.4%-ს რუსული VTB ბანკი ფლობს, რომლის აქციების 59.3%-ის მფლობელი არის რუსეთი ფედერაციის სახელმწიფო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები