საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი საუკეთესო პრაქტიკადაა აღიარებული.
ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წელს სებ-ის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
კობა გვენეტაძემ დეპუტატების წინაშე გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა, ხელი შეუწყოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნას, საშუალოვადიან პერიოდში ფასებისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მხარდაჭერით.
„ინფლაციის თარგეთირებაზე ეროვნული ბანკი 2009 წლიდან გადავიდა. მას შემდეგ (2009-2020 წლებში) საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.7 პროცენტია. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმამდე, 1996-2008 წლებში, ინფლაცია საშუალოდ 10.2 პროცენტი იყო.
საქართველოში ისევე, როგორც ღია ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებში, გარდაუვალია ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი) შოკები, რომელთა გავლენითაც, შესაძლებელია, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს. მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია. სწორედ ამიტომ, ცენტრალური ბანკები, ძირითადად, მოთხოვნის შოკებზე რეაგირებენ, რადგან მიწოდების შოკებზე რეაგირება ეკონომიკისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ეკონომიკური ზრდის მერყეობას და, გრძელვადიან პერიოდში, დასაქმების შემცირებას გამოიწვევს“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.




























