გთავაზობთ გასული კვირის 1-7 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში
ივნისში ინფლაცია 2.2%-მდე გაიზარდა
2024 წლის ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 2.2%-მდე გაიზარდა, რაც 2024 წელს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ფასების სტატისტიკის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ინფლაციაზე გავლენა მოახდინა სურსათის ფასების 1.9%-ით გაძვირებამ, ასევე ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 11%-იანმა მატებამ.
საქართველოს სავალუტო რეზერვები შემცირდა
ივნისში საქართველოს სავალუტო რეზერვები 19 მილიონი დოლარით შემცირდა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, რეზერვების დონე 4.6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. სულ 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 429 მილიონი დოლარით იკლო. რეზერვების კლება პირველ რიგში სებ-ის მიერ ივნისში განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს უკავშირდებოდა, რადგანაც ეროვნულმა ბანკმა ივნისში სავალუტო ინტერვენციებით $60 მილიონი დოლარი გაყიდა. ივნისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის დონეზე ნაკლებია.
სახელმწიფო საგარეო ვალი 8.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მაისის მდგომარეობით 8.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, მაისში საგარეო ვალის მოცულობა აპრილთან შედარებით 46 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც ძირითადად ახალი საინვესტიციო პროექტების მიმართულებით დონორებისგან თანხების ჩამორიცხვებს უკავშირდება.
საქართველოს მთავრობა საგარეო ვალებს ძირითადად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის იღებს, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტებია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ასევე ჩრდილოეთი სამხრეთის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი.
საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი შემცირდა
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, პირველ კვარტალში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 147.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით, ანუ 54 მილიონი დოლარით ნაკლებია.
2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად დიდი შემოსავალი იყო.
თანაინვესტირების ფონდს ახალი დირექტორი ჰყავს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველ სტრუქტურაში საკადრო ცვლილებებია. ცოტნე ებრალიძე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს და მას მისივე მოადგილე დავით გალუაშვილი შეცვლის.
ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, დავით გალუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდის მენეჯმენტს 2023 წელს შეუერთდა, შიდა აუდიტის დარგში, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და შემდგომ დაწინაურდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.
აშშ-მა საქართველოსთან "ღირსეული პარტნიორის" სამხედრო სწავლებები განუსაზღვრელი ვადით გადადო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.