გთავაზობთ გასული კვირის - 4-10 ნოემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში
ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით შემცირდა
2024 წლის ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა, რაც საქართველოს სავალუტო რეზერვებს რომელიმე თვის განმავლობაში ჰქონია. ამასთან, ბოლო ერთწლიან ჭრილში რეზერვები 1 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.
საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. რამდენიმე დღის წინ კი, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, 2024 წელს რეზერვების ნეტო გაყიდვებმა 540 მილიონი დოლარი შეადგინა
“წლის დასაწყისიდან ჩვენი ჯამური ინტერვენციები, წმინდა გაყიდვები შეადგენს 540 მილიონ დოლარს, რაც მოაკლდა რეზერვებს. ეს არის ის თანხა რაც მოაკლდა ბალანსს, წმინდა ინტერვენციებით და Bmatch-ით განხორციელებული ინტერვენციებით მოაკლდა რეზერვებს. აქვე შეგახსენებთ, რომ წინა წელს ჩვენი წმინდა შესყიდვები 1.3 მილიარდი დოლარი იყო, დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი ვიდრე წელს ჩვენ გავყიდეთ, საშუალება იყო ამისი და ამიტომ. შესაბამისად იმის თქმა, რომ დიდი ზიანი მიადგა რეზერვებს არის არასწორი,”- განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 9 თვეში სებ-მა ინტერვენციებით და Bmatch პლატფორმით გაყიდა 326.3 მილიონი დოლარი და იყიდა 329.5 მილიონი დოლარი. ანუ უშუალოდ 2024 წლის 9-თვიან პერიოდში სებ-ის მიერ რეზერვების ჯამური გაყიდვის ნაცვლად ჯამური ყიდვა ფიქსირდებოდა, რაც პლიუს 3.2 მილიონ დოლარს უდრიდა. ხოლო უკვე ოქტომბერში ეს პლიუსი შეიცვალა მინუს 540 მილიონი დოლარით, რაც ნიშნავს რომ ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის განმავლობაში 543.2 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენციები განახორციელა.
შესაბამისად, წელს სებ-ის მიერ დოლარის ჯამური გაყიდვები იყო 869.5 მილიონი დოლარი, ხოლო შესყიდვები კი 329.5 მილიონი დოლარი.
ქონების გადასახადის დეკლარაცია 402 ათასმა მოქალაქემ წარადგინა, ისინი 95.5 მილიონ ლარს გადაიხდიან
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია სულ 402 ათასმა მოქალაქემ წარადგინა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. საგადასახადო კალენდრის მიხედვით, მოქალაქეებმა დეკლარირებული თანხა ბიუჯეტში 2024 წლის 15 ნოემბრამდე უნდა გადაიხადონ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დეკლარირებული თანხა 95.5 მილიონ ლარს შეადგენს. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ქონების გადასახადის დეკლარაცია სულ 367 ათასმა პირმა წარადგინა, შესაბამისად წელს გადამხდელების რაოდენობა 9.5%-ით გაიზარდა, ხოლო გადასახდელი თანხის მოცულობა კი 17%-ით არის გაზრდილი.
ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა
ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, - ამის შესახებ საქსტატის ინფლაციის ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში - სურსათში ფასები წლიურად 0.4%-ით გაიზარდა. ამასთან, სურსათზე უფრო მკვეთრად 3.3%-ით არის გაზრდილი ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასები, ასევე 7.6%-ით არის მომატებული სასტუმროებისა და რესტორნების ფასები, განათლების სექტორში კი ზრდა 5%-ს შეადგენს.
FMCG ბაზარზე ყველაზე დიდი გაერთიანება ჩამოყალიბდა
კონკურენციის სააგენტომ "დეილი ჯგუფს" "ზედაზენი ჯგუფის" შესყიდვის უფლებაზე თანხმობა მისცა, რის შედეგადაც სამომხმარებლო ბაზარზე უმსხვილესი გაერთიანება შეიქმნა, რადგანაც "დეილი" გახდება "მაგნიტის" სუპერმარკეტებისა და ლუდსახარში "ზედაზენის" მფლობელი. აღნიშნული გარიგების შედეგად, ეს უმსხვილესი გაერთიანება გახდა საცალო ვაჭრობის ბაზრის უპირობო ლიდერი, უმსხვილესი მოთამაშე ლუდისა და არაალკოჰოლური წარმოების ბაზარზე და მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე მოთამაშე ლოჯისტიკის ბაზარზე.
“დეილი ჯგუფი”, საცალო ვაჭრობის სფეროში გააერთიანებს ისეთ ბრენდების როგორებიცაა: ,,დეილი”, ,,სპარი”, ,,იოლი”, ,,კალათა”, ,,მაგნიტი” და ,,გვირილა”, რომლებიც ოპერირებას დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსით გააგრძელებენ.
ჯგუფში შემავალი ქსელური მარკეტების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 1,600-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გააერთიანებს, რაც ორგანიზებული ბაზრის წილის 30%-ია. ჯგუფი ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელიც იქნება, რადგან მასში 18,000-მდე ადამიანი მუშაობს.
საქართველოს IT სექტორის შემოსავლები შემცირდა
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-ივნისში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 315 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით, ანუ 115 მილიონი დოლარით ნაკლებია. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად დიდი შემოსავალი იყო.
IT სექტორის შემოსავლების მატება პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდება, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი სპეციალისტი გადმოვიდა, შესაბამისად, მათი საქმიანობაც ამჟამად საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლება. თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში (რომელიც IT სფეროსაც აერთიანებს) 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2024 წელს კი 48 ათასს მიაღწია.