საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, რომ კომერციული ბანკების მსგავსად, მისო-ებიც მუშაობენ მომხმარებელთათვის სამთვიანი შეღავათების დაწესებაზე. ამასთანავე, კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ეს ინიციატივა არის საზოგადოების წინაშე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი და მისი განხორციელება შესაძლებელი არ იქნებოდა რომ არა ის ბუფერები, რომლებიც საბანკო სისტემას განვილილი პერიოდის განმავლობაში ჰქონდა დაგროვილი.
"იყო ასეთი ინფორმაცია, რომ ბანკებს აიძულეს(სამთვიანი შეღავათების დაწესება), რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. კაპიტალის ბუფერები რაც დაგროვილი არის, მივცეთ ამ ბუფერებს საშუალება, რომ შთანთქას ზარალები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას. მოდით ვთქვათ რომ სირთულეები იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტი ვერ ჩამოვა ქვეყანაში, მომსახურების სექტორში, ტრანსპორტში, სასტუმროებში, რესტორნების სექტორში რა თქმა უნდა ამას გავლენა ექნება და გარკვეულწილად გაიზრდება უმოქმედო სესხები. ზუსტად ეს ბუფერები, რაც არის დაგროვილი და რასაც დრო და დრო ვავსებდით ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკით, შთანთქას ამ ბუფერებმა ის დროებითი მოვლენები. ამავე დროს, კარგად მოხდეს დაფინანსება, დაკრედიტება.
მიუხედავად, რომ ჩვენ გვაქვს შეხვედრები, ამასთან დაკავშირებითაც არასწორი ინფორმაციები წავიდა, რომ ბანკებს აიძულეს ეს გაეკეთებინათ. ნამდვილად არ ყოფილა ასე. ეს იყო მათი ინიციატივა, რადგანაც მათ ნამდვილად აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად გრძნობენ ამ სიტუაციას. მე საქართველოში არ ვმუშაობდი, მაგრამ როგორც ვიცი, 2008 წლის ომის პერიოდშიც მოხდა ასეთი შეღავათების მიცემა. რაც გითხარით, რა ბუფერებიც არის დაგროვილი სისტემაში, აძლევს კომერციულ ბანკს ამის შესაძლებლობას.
ნამდვილად კარგი და მოსაწონი ნაბიჯი იყო კომერიული ბანკების მხრიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც მუშაობენ მსგავს მიდგომაზე. ბანკების მხრიდან ამ ინციატივაში ჩართვა იყო ნამდვილად ნებაყოფლობითი, არავის არ დაუვალებია ეს. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო სესხების განულებასთან დაკავშირებით. ვისაც უნდოდა შეუერთდა, ვისაც არ უნდოდა არ შეუერთდა,"- ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.