მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: მიკროსაფინანსოებს $200 მლნ-ის ფარგლებში ლარის ლიკვიდობას მივაწვდით

5e9f06767921f
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.20 18:55
1021
ჩვენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში ლარის ლიკვიდობას მივაწვდით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მარეგულირებლის ცნობით, ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორთან კომუნიკაციას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სექტორში არსებულ ვითარებას გაეცნო.

დღევანდელი ვიდეოკონფერენციის დროს საუბარი შეეხო ლიკვიდობის მართვის საკითხებს, მომსახურების დისტანციური არხების განვითარება/წახალისებას, ელექტრონული ხელმოწერის ფართოდ გამოყენებას, სხვადასხვა საზედამხედველო ღონისძიებებს, მათ შორის საკრედიტო რისკის შეფასების საკითხებს.

"კორონავირუსის პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ არსებული ვითარება. მსგავსი სამუშაო შეხვედრები, რომელიც მუდმივად იმართება ეროვნულ ბანკში ძირითადად სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზეა ორიენტირებული. ეროვნული ბანკი ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როლს რეგიონების ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური სერვისების მიწოდების კუთხით. ამ მიზნით, ჩვენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში ლარის ლიკვიდობას მივაწვდით, რაც გულისხმობს წვდომას ლარის რესურსთან და რაც შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ძალზედ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეროვნული ბანკის ეს მხარდაჭერა მსესხებლებსაც მისცემს საშუალებას შეუმსუბუქდეთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. გარდა ამისა, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილები იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში სექტორმა საქმიანობა გააგრძელოს და მსესხებლებს ფინანსურ რესურსებზე წვდომა არ შეუწყდეთ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

"სექტორის მხრიდან დადებითად შეფასდა, ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულ ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობის მიწოდება. ასევე, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მიკროსაფინანსო სექტორის ძირითადი ნაწილი არსებულ მდგომარეობას უფრო ლიკვიდური და მეტად კაპიტალიზებული შეხვდა, რაც რეგულირების კუთხით ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგია. რასაც თავის მხრივ, ახალი გამოწვევების გარდატეხაში ექნება მნიშვნელოვანი წილი", - აცხადებენ სებ-ში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად არსებული გამოწვევების პირობებში სექტორის გამართული მუშაობის შესახებ მსჯელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები