მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძე ამბობს, რომ დონალდ ტრამპთან მისი შეხვედრის მცდელობა არ ყოფილა

მთავრობა გაეროში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპთან შეხვედრის მცდელობა არ ყოფილა.

ასე ეხმაურება ის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობა და მთავრობის მიერ დაქირავებული ლობისტები დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდნენ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ასეთი მცდელობა არ ყოფილა.

გარდა ამისა, ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, თუ მცდელობა არ ყოფილა, რატომ არ იყო, გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებული შტატებიდან ახლა არა მხოლოდ კრიტიკა მოდის, არამედ შემუშავებულია პაკეტი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ.

„მარტივი პასუხი მაქვს - ჩვენ ვართ კონცენტრირებული არჩევნებზე. აშშ-შიც ტარდება არჩევნები. წლის ბოლომდე გარკვეულ დონემდე შენარჩუნდება ურთიერთობების ის რეჟიმი, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების თვისებრივი და ფუნდამენტური გადატვირთვა. მას შემდეგ, რაც დასრულდება არჩევნები როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში და მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, მომავალ წელს, პირველივე ნახევარში უკრაინაში ომი დასრულდება და ამის შემდეგ ბევრად მარტივი იქნება ურთიერთობების გადატვირთვა. ურთიერთობებს გავააქტიურებთ თვისობრივად, მომავალი წლის დასაწყისიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა პრემიერი, რომ ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია მთავრობის პოლიტიკამ, რის გამოც, მათ შორის ირაკლი კობახიძე არ მიიწვიეს ჯო ბაიდენის ვახშამზე, პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვახშამზე თუ ხელის ჩამორთმევაზე მიწვეული იყო ყველა დელეგაცია, მათ შორის ავტორიტარული რეჟიმების წარმომადგენლები.

„როგორც გაირკვა ხელის ჩამორთმევაც არ ყოფილა, ვახშამი ყოფილა მხოლოდ. რაც შეეხება იქ მონაწილეობას, ვახშამზე მიწვეული იყო დაახლოებით 100-მდე ქვეყანა, რომელსაც აქვს გაფორმებული, თუ გაუფორმებელი ავტოკრატია საკუთარ ქვეყანაში. აქ სად არის ლოგიკა? ამ შემთხვევაშიც ურევია ყველაფერში გლობალური ომის პარტიის ხელი“, - თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, როცა გადაივლის როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის არჩევნები და უკრაინაში დასრულდება ომი, ურთიერთობები გადაიტვირთება თვისებრივად საქართველოს და აშშ-ს შორის.

„ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალური ომის პარტიასთანაც, მას შემდეგ რაც შეიცვლება ინტერესები“, - თქვა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები