ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში მეთვალყურეობის მისიის არგაგზავნის გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ნაბიჯი მოსალოდნელი იყო იმ ფონზე, რაც „რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი მხარდამჭერების“ მხრიდან ეუთო/ოდირის მისამართით განხორციელდა.
„ეუთო/ოდირისგან არ გვიკვირს საქართველოში არჩამოსვლა იმ ე.წ. ბულინგის ფონზე, რაც მათ გამოიარეს რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
მისივე თქმით, მიღებული პრაქტიკის მიხედვით, საქართველოში არჩევნების წინ ეუთო/ოდირის მოწვევა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ხდება და საკმარისი დრო იყო, რათა მისია ჩამოსულიყო.
„აქაც საკმარისი დრო იყო, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არავის უკვირს, რომ ასეთ ფონზე ეუთო/ოდირმა თავი შეიკავა საქართველოში ჩამოსვლისგან. ჩვენ ველოდებით მათ 2028 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებით ადრე მოწვევა „არასაკმარის დროს ტოვებს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის“ და მისიის გამოგზავნას არ აპირებს.




























