მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე ამბობს, რომ პეტერ ფიშერის საქართველოდან გაძევებას არ აპირებენ

ირაკლი კბახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ქვეყნიდან გაძევებას არ აპირებენ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროში მის დაბარებას, კობახიძე ამტკიცებს, რომ ფიშერი ვენის კონვენციას არღვევს და "რადიკალური ოპოზიციის" აქტივობებშია ჩართული.

"მგონია, სრულიად ზედმეტია ბატონ ფიშერზე კომენტარების გაკეთება. მას ამოეწურება როცა იქნება საკუთარი უფლებამოსილების ვადა და დატოვებს ქვეყანას. აბსოლუტურად ზედმეტი მგონია ამ კაცზე რაიმე კომენტარის გაკეთება".

ჟურნალისტის კითხვაზე ელჩის ქვეყნიდან გაძევებას ხომ არ აპირებს, კობახიძე ამბობს, რომ ამის გაკეთებას არ გეგმავს.

"რაც შეეხება დაბარებას, ეს დიპლომატიური ზომაა, როცა ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციას, ეს ჩვეულებრივად დიპლომატიური ზომაა.. ზოგადად, შემიძლია შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი ჩართულია რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე და ა.შ", - ამბობს კობახიძე.

დღეს, 24 სექტემბერს, გერმანიის ელჩის საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩის განცხადებით, ეს გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში პირველი შემთხვევაა.

"დაბარებული ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან უჩვეულოა. ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს. შევალ და მოვისმენ რას მეტყვიან. მაგრამ ასევე მკაცრად უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, ჩემი და სხვა ელჩების წინააღმდეგ არის გამოთქმული. ასევე გავაკრიტიკებ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ კურსს, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირში გაწევრიანებასთან",- ამბობს ფიშერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები