მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პეტერ ფიშერმა ჩვენი პოზიცია გამოხატა, მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს - გერმანიის საგარეო უწყება

პეტერ ფიშერი
31.05.24 18:48
2425

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გერმანიის პოზიციას გამოხატავს და მას სრული მხარდაჭერა აქვს, როცა საქმე საქართველოში პოლიტიკური მოვლენების მონიტორინგსა და ქართულ მედიასა და ორგანიზაციებთან ინტერაქციას ეხება.

გერმანიის საგარეო უწყებამ "რუსულ კანონსა" და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ, გერმანიის ელჩის მიმართ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებზე განმარტება "ფორმულასთან" გააკეთა.

"ქართველ ხალხს სურს მომავალი ევროკავშირში და მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, თავისუფლებასა და დემოკრატიას. თუმცა, ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობამ ამ გზას გადაუხვია. ვენეციის კომისიის მიერ 21 მაისს გაკეთებული განცხადება არის ძალიან მკაფიო: კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და უნდა გაიწვიონ. ეს არის გერმანიის მთავრობის პოზიცია, რომელიც საქართველოში ჩვენმა ელჩმაც გამოხატა. მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, როდესაც საქმე ეხება მის დავალებას გაუწიოს მონიტორინგი ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების განვითარებას და ინტერაქცია ჰქონდეს ქართულ მედიასა და ქართულ საზოგადოებასთან გერმანიის მთავრობის პოზიციის ასახსნელად და გამოსახატავად", - განუცხადა "ფორმულას" გერმანიის საგარეო უწყებამ.

პეტერ ფიშერმა BMG-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო [რუსული] კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, მისთვის ამ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება. ელჩის კომენტარს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ელჩის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს. კობახიძემ მედიასთან ფიშერის პარტია “ლელოსთან” კავშირებზე ისაუბრა და ელჩი მათ მხარდამჭერად დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები