პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანიის ელჩის განცხადებას, რომ ვიდრე რუსული კანონი მოქმედებს, გერმანია საქართველოსთან EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებს არ გახსნის, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. კობახიძემ მედიასთან ფიშერის პარტია “ლელოსთან” კავშირებზე ისაუბრა და ელჩი მათ მხარდამჭერად დაასახელა.
“გერმანიის ელჩი ლელოსთან ერთად რეგიონში დადიოდა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისში იყო ჩასული ლელოს ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ.
ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში”, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის დაზუსტებას, რომ ფიშერის განაცხადა არა მხოლოდ ელჩის სუბიექტური აზრი, არამედ გერმანიის პოზიციაა, პრემიერმა კიდევ ერთხელ უპასუხა, რომ ელჩის “ანტიქართული განცხადება” მთავრობისთვის ღირებული არ არის.
“ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს ჩვენთვის არ არის ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და, იმედი მაქვს, რომ ეს არის ლელოს მხარდამჭერი ელჩის სუბიექტური განცხადება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ, 29 მაისს, BMGTV-ის “ანალიტიკას” ეთერში გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა, განაცხადა, რომ “საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, მისთვის ამ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება”.