მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე აცხადებს, რომ DEEP STATE-სა და საბჭოთა KGB-ს მეთოდებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს

კობახიძე

ზუსტადაც, მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, ზუსტად ისეთი მეთოდებით მოქმედებს დღეს DEEP STATE-ი, ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით - ასე განმარტა "ოცნების" პრემიერმა ის, თუ რატომ არ ახსენა 9 აპრილზე გაკეთებულ განცხადებაში არც ერთხელ რუსეთი და რატომ მოიხსენია უცხოური ძალა. ამის შესახებ მან სამების ტაძართან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ცარიელი სპეკულაციაა. რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე. 36 წლის წინაც მოქმედებდა სხვა გარე ძალა და დღესაც, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს გარე ძალა.

ზუსტადაც, მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, ზუსტად ისეთი მეთოდებით მოქმედებს დღეს DEEP STETE-ი, ევროკავშირისა და აშშ-ს ინსტიტუტების გამოყენებით როგორითაც საბჭოთა KGB მოქმედებდა. მადლობა ღმერთს ამ ეტაპზე აშშ-ში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ დღემდე ბრიუსელის დემოკრატია გამოიყენება იმისთვის რომ საქართველოში დათესონ სიძულვილი", - განაცხადა კობახიძემ.

"ოცნების" პრემიერმა განცხადება სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გააკეთა. არც ის, და არც პარტიის სხვა სახეები დღეს რუსთაველზე 9 აპრილის მემორიალთან არ მისულან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კითხვაზე, რატომ? კობახიძე ამბობს, უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც გარე ძალებს მისცემს ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალებას.

„ჩვენ ამას ვერ ავყვებოდით, ვერ ავყვებოდით მათ სცენარს და რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში, ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც გარე ძალებს მისცემს ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღეთ აბსოლუტურად არამარტო პრაგმატული გადაწყვეტილება, არამედ პირველ რიგში ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ოცნების ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება 9 აპრილთან დაკავშირებით, სადაც "უცხო ძალას" 5-ჯერ ახსენებს, რუსეთს არც ერთხელ. მისი თქმით, "9 აპრილს უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები