მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს - გვაქვს ფუფუნება, ვთქვათ სიმართლე 2008 წლის ომზე

მთავრობა

„დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ჩვენი პოზიციები არის ძლიერი და ასეთ პირობებში გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყველაფერთან, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებით,“ - განაცხადა "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინდისში ჟურნალისტებთან.

„2018 წელს ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ იმ მომენტისთვის 2008 წლის ომთან დაკავშირებით სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა. გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები. ასეთ პირობებში არ იქნებოდა სწორი სიმართლის თქმა და ზუსტად ის მოხდა, რაც ვუთხარით. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები, მან გააკეთა საპირისპირო, უარყოფის განცხადებები. ჩვენ მოგვიწია თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა და როგორც გახსოვთ, მთელი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია იყო აგებული სწორედ ამ თემაზე. რაზეც გავაფრთხილეთ, ზუსტად ის მოხდა. მაგრამ დღეს არის სხვა ვითარება - დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, დღეს ჩვენი პოზიციები არის ძლიერი, ასეთ პირობებში, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყველაფერთან, მათ შორის, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, - განაცხადა მან.

კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2008 წელს ომი "სააკაშვილის რეჟიმმა" დაიწყო და არა რუსეთმა. თუმცა, როგორც არ შეიძლება ითქვას, რომ სანდრო გირგვლიანი მოკლა საქართველომ, ისე არ შეიძლება თქმა, რომ ომი დაიწყო საქართველომ.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი შესრულდა. კობახიძემ განცხადება შინდისის გმირების მემორიალთან გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები