IT/TECH კომუნის წევრები ველოსიპედის ძეგლთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ევროინტეგრაციის შეფერხებას აპროტესტებენ და ორდღიანი გაფიცვა აქვთ დაგეგმილი.
"მაგთიკომის" ტელეკომუნიკაციების სპეციალისტი, ოთარ ჯავაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ შეკრებილი ადამიანები აპროტესტებენ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას. ამასთან დასძენს, რომ სახალხო პროტესტი არა კობახიძის განცხადებით, არა ბევრად უფრო ადრე დაიწყო, როდესაც ხალხი ჯერ კიდევ „რუსულ კანონს“ აპროტესტებდა.
„დღეს რაც გვჭირს, იმას ვაპროტესტებთ. ჩვენ ქვეყანას დიდი მარყუჟი აქვს ყელზე მოჭერილი და რაღაც ბანდა, რაღაც გუნდი უკან ექაჩება, უფსკრულისკენ. ეს უფსკრული, რუსეთს დავუძახებთ მას თუ სხვა სახელს, არის ძალიან ცუდი. ჩვენ სწორედ იმას ვაპროტესტებთ, რომ ქვეყანა ამდენი წელი კითხვის დაუსმელად მიდიოდა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ.
ევროკავშირში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის თავისუფლება. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. ეს არის კეთილდღეობა, აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის. ყველა გაცილებით უკეთესად ცხოვრობს. ყველაზე მთავარი არის თავისუფლება. ხოლო რაც ჩვენთან ხდება, ეს არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ავტორიტარიზმი, საშინელი სიცრუე, ძალადობა, რაც სიტყვებით, ქმედებებით ჩვენი ე.წ მთავრობისგან მოედინება. ეს არის საწინააღმდეგო იმისა, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ ისეთ გეოგრაფიულ ლოკაციაზე ვართ, რომ უსაფრთხოება არის მთავარი. ევროკავშირი და ნატო კი არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტია.
ჩვენ რუსეთისკენ უკვე წავედით, არჩევნებამდე და სწორედ მაგას ვაპროტესტებთ. „რუსული კანონის“ პროტესტი რომ იყო, მაგიტომ გამოვიდა ეს ხალხი, რომ რუსეთისკენ არ გვინდოდა წასვლა. არაფერ შუაში არ არის კობახიძის განცხადება, გაცილებით ადრე დავიწყეთ რუსეთისკენ სიარული“, - აცხადებს ჯავაშვილი.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი რუსეთისკენ ვერ წავა, რადგან ეს ნიშნავს, რომ თავისუფლები აღარ ვიქნებით. შესაბამისად, ხალხი არ გაჩერდება საქართველოში და სხვა ქვეყნებში აღარავინ დარჩება. გარდა ამისა, "მაგთიკომის" ტელეკომუნიკაციების სპეციალისტი ამბობს, რომ ეკონომიკა და ზოგადად ყველაფერი არის ამ ახალ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული. შესაბამისად, თუ პროგრესი არ იქნება, ქვეყანას არაფერი არ ექნება.