მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კობახიძის ხელმძღვანელობით, ახალი მინისტრთა კაბინეტი ყველა დაპირებას შეასრულებს, რომელიც წინა საარჩევნოდ იყო გაცხადებული" - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ახალი მინისტრთა კაბინეტი ყველა დაპირებას შეასრულებს, რომელიც წინა საარჩევნოდ იყო გაცხადებული. ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა.

მისივე ცნობით, სამთავრობო პროგრამა თავის თავში გულისხმობს სიღარიბის შემცირების, უმუშევრობის შემცირების, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადებისთვის აუცილებელ ნაბიჯებს და რა თქმა უნდა, ყველა კულტურულ თუ ეკონომიკურ ასპექტებს.

„ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ახალი მინისტრთა კაბინეტი იმ ძალიან მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამით, რა თქმა უნდა შეასრულებს ყველა დაპირებას, რომელიც წინა საარჩევნოდ იყო გაცხადებული. მათ შორის, სამთავრობო პროგრამა თავის თავში გულისხმობს სიღარიბის შემცირების, უმუშევრობის შემცირების, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადებისთვის აუცილებელ ნაბიჯებს და რა თქმა უნდა, ყველა კულტურულ თუ ეკონომიკურ ასპექტებს. ამ მიმდინარე კვირის მანძილზე, სამთავრობო გუნდის მინისტრების კანდიდატებს ვუსმენდით საკომიტეტო ფორმატში. ვუსვამდით ყველა იმ კითხვას, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო იყო საზოგადოებისთვის.

თავისთავად ყველა ხვდებით, რომ ერთი გუნდის შემადგენლობა ვართ და ამიტომ, მინისტრებთან და პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ჩვენ არა მხოლოდ საკომიტეტო თუ სასესიო ფორმატში კომუნიკაცია გვაქვს, თავისთავად ჩვენ სხვადასხვა ფორმატებში ვმსჯელობთ იმ რეფორმების და ნაბიჯების აუცილებლობაზე, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენ იმ კითხვების მიღმა გვაქვს არაერთი სამუშაო პროცესი და პლატფორმა, მათ შორის ყოველდღიურ რეჟიმში. თავისთავად მოსახლეობა იმიტომ ენდობა „ქართულ ოცნებას“, რომ არა მხოლოდ ის რაც ჩანს ეკრანზე , არამედ ის რასაც ჩვენ ეკრანებს მიღმა ვაკეთებთ და როგორც ვმუშაობთ, საჭიროებებსაც ვითვალისწინებთ და რა ნაბიჯებსაც ვდგავთ , ეს არის თავისთავად ძალიან დიდი ნდობის საფუძველი“, - ამბობს წილოსანი.

მისივე განმარტებით, განურჩევლად კერძო თუ საჯარო სექტორისა, ქვეყანაში იქნება სტაბილურობა, მათ შორის ეკონომიკური სტაბილურობა და წინსვლა. ის ასევე დასძენს, რომ მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში დიდი ეკონომიკური რეცესიები მიმდინარეობს, საქართველო მუდმივად ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს, რაც ბიუჯეტიდან მეტის დახარჯვის საშუალებას იძლევა, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ამასთან ანაკლიის პორტის მშენებლობაში, ენერგოუსაფრთხოებაში და ყველა საჭირო საკითხში.

წილოსანმა მედიასთან ასევე ოპოზიციის მხრიდან მანდატების დათმობაზეც ისაუბრა, რაზედაც მედიას განუცხადა, რომ ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს ევაჭრება და ისინი ამით მათ სჯიან.

„ჩვენ ნუ გვაშინებენ მანდატების დათმობით, საკუთარ ამომრჩეველს ევაჭრებიან და ფაქტობრივად სჯიან ამ მანდატების დათმობით. იმიტომ, რომ იმ კონფიგურაციით, რა კონფიგურაციითაც შემოვიდა პარლამენტში, ეს ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა. ამიტომ, თუ ისინი მანდატებს დათმობენ, თავის ამომრჩეველს მოაკლებენ შესაძლებლობას, რომ ის საჭიროებები გააჟღერონ პარლამენტში, რომლისთვისაც მათ ხმა მისცეს. რეალურად, დარწმუნებული ვარ, რომ მათი ამომრჩევლის უმრავლესობა ძალიან გაბრაზებულია და დაელოდონ თვითმმართველობის არჩევნებიც მოდის და ზუსტად აი ეს უპასუხისმგებლო ნაბიჯები აუცილებლად იქნება ასახული საბოლოო რეიტინგზე, მათ შორის 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

თავისთავად ოპოზიცია, ან უფრო სწორად „რადიკალების ჯგუფი“ რას უწოდებს ამ პარლამენტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ხალხმა, ამომრჩეველმა და იმ კანონმდებლობამ, კონსტიტუციამ რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში. ამიტომ, ეს პატარა "რადიკალების ჯგუფი" თუ მანდატებსაც დათმობენ და სიებსაც ჩახსნიან, კიდევ უფრო ანტი კონსტიტუციური და ფაქტობრივად, ქუჩის ოპოზიციურ ფორმატში გადადიან. რა თქმა უნდა, მანდატების დათმობის პროცესი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ერთმანეთს ელოდებიან, გარკვეულწილიად ვირთხების ბრძოლასავით და რბილასავით ჩანს ეს ყველაფერი. ერთმანეთს ელოდებიან, ვინ იქნება ბოლო, ვინც გამოიყენებს უპირატესობას, რომ არ ექნება მანდატი დათმობილი და ფაქტობრივად ერთპიროვნული ოპოზიცია იქნება საქართველოს პარლამენტში. დიდი სიამოვნებით ვადევნებთ თვალს“, -განაცხადა ნინო წილოსანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები