ტურიზმის სექტორში, 2023 წელს ტურიზმის კანონის მიღების შემდეგ, პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის მთავრობა 2024 წელს საკურორტო ინდუსტრიის მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოზე იმუშავებს. ამის შესახებ კანდიდატის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში წერია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტურიზმის განვითარების სწორი და ეფექტიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ქვეყანაში ტურიზმის სექტორის დინამიკური განვითარება სახეზეა. ამაზე კი 2023 წელს ტურიზმში არსებული სტატისტიკაც მეტყველებს. „პირველად ისტორიაში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4.1 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რითაც 26.2%-ით გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებელს“, - აღნიშნულია პროგრამაში. ამასთან, საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2024 წელს ქვეყანა მიაღწევს კიდევ უფრო შთამბეჭდავ გაუმჯობესებას და გაიზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, თუმცა რამდენით დაკონკრეტებული არ არის.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, კობახიძის სამთავრობო პროგრამა ორიენტირებული იქნება არამხოლოდ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ზოგად პოპულარიზაციაზე, არამედ კონკრეტული მიზნობრივი აუდიტორიისთვის, მათ ინტერესზე მორგებული, კონკურენტუნარიანი და ავთენტიკური ტურისტული პროდუქტის შეთავაზებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის ავთენტიკურობასა და კონკრეტულ ინტერესებზე მორგებაზე წინა მთავრობების დროსაც აქტიურად საუბრობდნენ.
სამთავრობო პროგრამაში გაწერილი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი კიდევ ერთი მარეგულირებელი დოკუმენტის შემუშავებაა: „მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებისა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, 2024 წელს შეიქმნება საკურორტო ინდუსტრიის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო“, - წერია დოკუმენტში.
ამასთან კურორტების მდგრადი განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო ბაზარზე სწორი პოზიციონირებისა და ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მქონე პროექტების განსაზღვრისთვის, კობახიძის მთავრობაში ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევების მომზადებაზე იმუშავებენ.
პროგრამის მიხედვით, მთის კურორტების განვითარებისთვის „2024 წელს დაგეგმილია მესტიაში, ჰაწვალის მთაზე სრულიად ახალი, ჯამში 6 კმ-იანი სასრიალო ტრასების მშენებლობა/მოწყობა, რომელიც ზურულდის მთას დააკავშირებს დაბა მესტიასთან. ასევე დაგეგმილია სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ახალი, 3 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი“.
გარდა ამ საკითხებისა, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის სამთავრობო პროგრამაში შემდეგი საკითხებია გამოყოფილი:
- 2024 წელს პირველად ქვეყნის ისტორიაში, საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღეს, ასევე 2024 წელს საქართველოს საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე - m&i Tbilisi 2024 - მასპინძლის სტატუსით წარდგება. ასევე, საქართველოში პირველად, წყალტუბოში ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA - ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და UNWTO აფილირებული წევრი) გენერალური ასამბლეა გაიმართება.
- საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით, გაგრძელდება აქტიური მონაწილეობა წამყვან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში, თანამშრომლობა მსოფლიოში რეიტინგულ საერთაშორისო პლატფორმებთან, ტარგეტირებული კამპანიების განხორციელება და სხვადასხვა აქტივობები წამყვან საერთაშორისო მედია საშუალებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად მოიცავს ახალ სამიზნე ბაზრებს, როგორიცაა ინდოეთი, ჩინეთი, აშშ და სხვა ქვეყნები.
- 2023 წელს წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა ის ფაქტი, რომ გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა და საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს, ხოლო 2024 წელს, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება.