ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ იტალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა ევროპის საბჭოში ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციების არ დაწესების გადაწყვეტილება, წნეხის გამო უარყვეს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემას სპეკულაციები მოჰყვა და მის მიერ გუშინ გადახდილ მადლობას საფუძვლად კაია კალასის და რადიო თავისუფლების ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაცია უდევს.
„ამ თემას მოჰყვა სპეკულაციები, მე გუშინ გადავუხადე მადლობა 5 ქვეყანას გადავუხადე მადლობა ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და გუშინ აქედან 3 ქვეყანა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა მათ აზრადაც არ გაუვლიათ. სინამდვილეში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კაია კალასის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი მე არ მიხსენებია და მათაც მადლობა ეკუთვნით ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის. კაია კალასმა განაცხადა, რომ იყო უნგრეთი, სლოვაკეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც სანქციების წინააღმდეგ წავიდა და კიდევ ერთხელ მადლობა ამ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად რომ ავიღოთ ერთ-ერთი რუმინეთი, არის ერთ-ერთი ჟურნალისტი რადიო თავისუფლების, რომელსაც ქართული მედია ხშირად ეყრდნობა, ეს ბატონი იოზვიაკია, რომელმაც დაადასტურა, რომ რუმინეთი ერთ-ერთი იყო, ვინც სანქციების წინააღმდეგ წავიდა. თუმცა მერე ნახეთ, რომ რუმინეთი აიძულეს საწინააღმდეგო პოზიცია დაეფიქსირებინა, ეს არავის უკვირს. თქვენ ნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც რუმინეთში ერთ დღეში შეაცვლევინეს გადაწყვეტილება.
იგივე ეხება ესპანეთს და იტალიას, საჯარო მსგავს წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იტალია და ესპანეთი უპირისპირდებოდნენ სანქციების იდეას და ამას დაემთხვა ჩვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. შესაბამისად ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელიც ძალიან საიმედო და სანდო ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა ვნახეთ რომ ამასაც ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ X-ზე მის განცხადებას აწერია, რომ მან მოიტყუა, ირაკლი კობახიძე პასუხობს: „მე არ მომიტყუებია“. თუმცა ჟურნალისტთან კითხვა-პასუხის დროს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც ის ამბობს, რომ წნეხის გამო შეცვალეს გადაწყვეტილება, ამით ის არ ამბობს რომ ეს ქვეყნები იტყუებიან - „არ მინდა ასე ვთქვა“ - განაცხადა კობახიძემ.
- თუ ეს ქვეყნები დასანქცირების წინააღმდეგ მიდიოდნენ და ახლა საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდიან?
- კი წნეხი განხორციელდა.
- რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ?
- ნუ დამიჯერებთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, დემოკრატიაა
- თქვენ ამბობს, რომ ესპანეთი, იტალია და რუმინეთი დღეს ამ განცხადებებით იტყუებიან?
- არ მინდა ასე ვთქვა... რეალურად იყო წნეხი, რის გამოც მოუწიათ იმ პოზიციის უკან წაღება რაც საბჭოზე დააფიქსირეს. თქვენ შეგიძლიათ ამას ტყუილი დაარქვათ, მაგრამ მე არ მინდა ამას ტყუილი დავარქვა...
- აბა რას დაარქმევდით?
- არ ვიცი ეს მათი არჩევანია. მათი გადაწყვეტილებაა, მათ შეუძლიათ ეს ასე გააკეთონ, მაგრამ ფაქტები ეს არის. ფაქტია, რომ მათ დააფიქსირეს სანქციების საპირისპირო პოზიცია, კიდევ ერთხელ მადლობა მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, მერე მოუწიათ ამ გადაწყვეტილების სხვანაირად წარმოჩენა. ეს, რა თქმა უნდა, მათი გადაწყვეტილებაა, მე ამას ვერც ტყუილს დავარქმევ და ვერც ვერაფერს.
- ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და სანქციების საწინააღმდეგო პოზიციისთვის გადაუხადეთ თქვენ მადლობა და არა სიტყვებით ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. საუბრის დაწყებისას თქვენ ამის სხვაგვარად წარმოჩენა სცადეთ თითქოს მადლობას უხდიდით ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და ისინი საპირისპიროს ამბობდნენ. თქვენ ეს ქვეყნები უნგრეთთან და სლოვაკეთთან ერთად მოიხსენიეთ და მადლობა გადაუხადეთ მათ რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციებს არ ემხრობოდნენ და ეს უარყვეს მათ - ამის დაზუსტება მინდა, რადგან დასაწყისში თქვით, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უარყვესო და ასე არ ყოფილა...
- ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რაც მინდოდა მეთქვა - სანქციების არ დაწესება ნიშნავდა ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის 1.2 მლნ ამომრჩევლის, რომლებმაც ქართულ ოცნებას მისცეს ხმა
პრემიერის ირაკლი კობახიძის პოსტს, სადაც ის იტალიას, რუმინეთს, ესპანეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, X-ზე განმარტება დაემატა, სადაც წერია, რომ ინფორმაცია მცდარია. პოსტი საქართველოს მთავრობის X-ის ოფიციალურ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა და მომხმარებელთა აქტიურობის გამო, რომლებმაც დეზიფორმაციად მონიშნეს, ეს განმარტება დაერთო.
"ირაკლი კობახიძის განცხადება რუმინეთზე, იტალიასა და ესპანეთზე არასწორია. ესპანეთმა, რუმინეთმა და იტალიამ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომელიც ამ განცხადებას ეწინააღმდეგება. სამივე ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თავისი პოზიცია, რომელიც არ ემთხვევა კობახიძის განცხადებებს".