საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის თქმით, ანაკლიის ინვესტორის შერჩევისას “გეოგრაფიულ სივრცეს” უპირატესობა არ მიენიჭება. ამის შესახებ მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად არსებული ორი პრეტენდენტი კომპანიიდან, რომელიც უკეთეს პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს, ის გაიმარჯვებს.
„ანაკლიის საკითხზე, არავის უთქვამს, რომ ჩინური კომპანია უპირატესობით ისარგებლებს. პროცედურები წარიმართება, ორი პრეტენდენტია ამჯერად, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის კომპანია გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა, მთავარია ვინ შემოგვთავაზებს უკეთეს პირობებს. ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტი“, - განაცხადა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის შესახებ წინადადებების წარმოდგენა 20 მაისისთვის დასრულდება. მისი თქმით, ასევე მიმდინარე წელს შეირჩევა კერძო პარტნიორი და 2024 წელს დაიწყება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებიც.