ბიზნესის თავისუფლება არის მთავრობის მთავარი ამოსავალი წერტილი, თუმცა პროცესში სოციალური ასპექტის გათვალისწინებაც აუცილებელია - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ქსელური მარკეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესის თავისუფლება ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას, დასაქმებას და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, თუმცა არსებული ფასების პირობებში მოსახლეობისთვის სოციალური ტვირთი მძიმეა, რის გამოც მთავრობამ კონსულტაციების გზით საერთო სურათში გარკვეული ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა.
„ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად არის შემთხვევები, სადაც ფასებს შორის ორმაგი და სამმაგიც კი არის სხვაობა. თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით და როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისთვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა,“ – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, სასურსათო ქსელებში ჯამური საშუალო ფასნამატი 86%-ს შეადგენს, რაც მაღალი მაჩვენებელია.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საცალო ვაჭრობის სტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში მარკეტების რაოდენობა გაორმაგდა. მისი თქმით, საქართველოში 100 000 მოსახლეზე 113 მარკეტია, მაშინ როდესაც გერმანიაში იგივე მაჩვენებელი 45-ს, ხოლო ავსტრიაში 62-ს შეადგენს, რაც საბოლოოდ ფასებზე ნეგატიურად აისახება და დამატებით ტვირთად აწვება მოსახლეობას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაგრძელდება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ამასთან, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების დაახლოებით 15 წარმომადგენელი დაესწრო.




























