მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძის თქმით, ისევ არ არსებობს პროექტი, როგორ იქცევა რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკად

კობახიძე

"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსლისას რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციასა და სამედიცინო განათლების სისტემის დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიზანია სივრცის სრული განახლება და მისი ტრანსფორმაცია თანამედროვე საუნივერსიტეტო კლინიკად, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სრულფასოვან საგანმანათლებლო საჭიროებებს შეუქმნის.

მისი განმარტებით, პროექტის ზუსტი ბიუჯეტი ჯერ განსაზღვრული არ არის და კონკრეტული არქიტექტურული გადაწყვეტის გარეშე თანხების გამოთვლა შეუძლებელია.

კობახიძემ ასევე ისაუბრა საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილზე.

„რაც შეეხება ბიუჯეტს, ბიუჯეტის სრულად გაანგარიშება ჯერ შეუძლებელია, რადგან, პირველ რიგში, ხარჯტევადი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი და ვიდრე არ გვექნება ინფრასტრუქტურის კონკრეტული პროექტი, მანამდე შეუძლებელია საუბარი ხარჯებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეულობით მილიონი დაჯდება ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა შეიქმნას. ვფიქრობ, ხარჯების კომპენსირება უნდა მოხდეს კონკრეტული შენობების რეალიზაციით, რომელსაც არ აქვს კავშირი უნივერსიტეტების იდენტობასთან და შეიძლება მათი რეალიზაცია იყოს საინტერესო კომერციული თვალსაზრისით. შენობების გადანაწილება არ შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის. მთლიანობაში, ეს სივრცე მეტად განვითარდება, რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩათვლით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, იდეალური პირობები შევქმნათ რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის.

ოპტიმიზაციის პირობებში უზრუნველყოფილი იქნება ხარჯების დაზოგვა ყველა მიმართულებით. იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმა გამოიწვევს აკადემიური პერსონალის სახლში გაშვებას, რაც ცარიელი სპეკულაციებია. პირიქით, ამ რეფორმის გატარების პირობებში ჩვენ მაქსიმალურად დაგვჭირდება უნივერსიტეტების უზრუნველყოფა რესურსებით და სახელმწიფო ორიენტირებული იქნება, რომ პირიქით, ახალი რესურსები მოიზიდოს, როცა საქმე ეხება ადამიანურ რესურსებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე „რესპუბლიკური“, 1973 წელს გაიხსნა. ეს არის 24-საათიანი, მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელსაც 2008 წელს გადაუდებელი დახმარების ფუნქციაც დაემატა. საავადმყოფოში ოცზე მეტი მიმართულებით ემსახურებიან პაციენტებს, რასაც ლაბორატორიაც ემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები