ირაკლი კობახიძის თქმით, ვიდრე "ქართული ოცნება" სურსათის ფასების რეგულირებაზე დაიწყებდა საუბარს, მას ბიზნესთან ამ საკითხზე არ უსაუბრია, მათ შორის, არც დახურული ფორმატის შეხვედრებზე - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა მედიასთან განაცხადა.
"ბიზნესთან ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია. ცოტა ხნის წინ ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს, მოემზადებინათ დეტალური შეფასება, მათ ეს მოამზადეს და სწორედ ამ შეფასებას ეყრდნობა ის განაცხადი, რომელიც გავაკეთეთ ფასებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
24 დეკემბერს "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, გამოიკვლიონ ხომ არ არის ფასნამატებში დანაშაულის ნიშნები. ასევე, პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა სთხოვა.




























