"ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროდუქციაზე ჯამური ფასნამატი არის 86%, საიდანაც 44% მოდის დისტრიბუციაზე და დაახლოებით 28% მოდის ქსელურ მარკეტებზე. თუმცა, არ დაუკონკრეტებია დანარჩენი 14% - ვისზე მოდის.
ამასთან, როგორც მან "იმედის" ეთერში განაცხადა, მარჟები განსხვავდება მარკეტებს და დისტრიბუტორებს შორის.
"ჯამურად ეს არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ დიდია სხვაობა ევროპულ ფასებთან. მაგალითად, ჩვენ რომ შევისწავლეთ ევროპაში ფასნამატის წარმოქმნა, დაახლოებით 20%-დან 30%-მდე მერყეობს საბითუმოდან თაროს ფასამდე სხვაობა. ჩვენს შემთხვევაში ამას ტრანსპორტირება ემატება, თუმცა მთლიანობაში 86% მაინც ბევრად მეტია, ვიდრე იგივე გერმანული მარკეტების შემთხვევაში, თან ამას ემატება ის, რომ გერმანიაში იჯარის ფასიც უფრო ძვირია, ხელფასები უფრო მაღალია, ეს ბუნებრივია, განაპირობებს უფრო მაღალ ხარჯებს ქსელური მარკეტებისთვის. ამ პირობებშიც კი, 20-დან 30%-მდე მერყეობს ფასნამატი, ამიტომ ვფიქრობთ ჩვენ, რომ არის სივრცე ფასნამატის შემცირებისთვის და შესაბამისად, ფასების დაკლებისთვის.
მაგალითისათვის რომ ავიღოთ, მე არ ვიცი, რით შეიძლება აიხსნას - კონკრეტული პროდუქტი ავიღოთ, კონკრეტული სახეობის ბრინჯი, რომელიც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში კონკრეტულ ქსელში ღირს 4 ლარზე ნაკლები და ზუსტად იგივე პროდუქტი საქართველოში იგივე ქსელში ღირს თითქმის 11 ლარი, ანუ თითქმის სამმაგია სხვაობა ფასებს შორის. ჩემთვის ცოტა რთული ასახსნელია, თუმცა ამასაც ჩავეძიებით და დავადგენთ რამდენად არის ეს ყველაფერი ლოგიკური.
ასევე ერთი საინტერესო დეტალია, რომ ხშირად პრეტენზიებს გამოხატავენ სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართაც, მაგალითად ქსელების წარმომადგენლები დისტრიბუტორების მიმართ, დისტრიბუტორები ქსელების მიმართ, მწარმოებლები ქსელების, დისტრიბუტორების მიმართ და ა.შ. ესეც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო კარგად ჩავეძიოთ პრობლემის არსს", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ფასების შემცირების სივრცე არსებობს და ამისთვის სერიოზული სამუშაო არის ჩასატარებელი, - "ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება უშუალოდ დააკვირდეს იმ დისკუსიებს, რომლებიც სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება".
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროცესი აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აპრილის ბოლომდე გვინდა, დაველოდოთ ფასების შემცირებას. იმედი გვაქვს, რომ გზადაგზა მანამდეც მივაღწევთ შედეგებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




























