ირაკლი კობახიძის თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად, ქვეყანაში სტუდენტების რაოდენობა 150 000-დან 110 000-მდე შემცირდება.
როგორც მან პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა, რეფორმის შედეგად რეგიონებში დეკონცენტრაცია მოხდება. მისივე თქმით, დღეს სტუდენტების 85% თბილისზე მოდის, 15% - რეგიონებზე. რეფორმის შედეგად კი, გადანაწილება შემდეგნაირად უნდა იყოს: დაახლოებით 60% - თბილისში და 40% - რეგიონებში.
"რეგიონულ უნივერსიტეტებში უნდა გაიზარდოს სტუდენტების რაოდენობა, მაგრამ არა არსებითად. დღეს 85% თბილისში, 15%-ია ყველა დანარჩენი, მათ შორის ქუთაისი არის 5%, ყველა დანარჩენი არის 10%. დღევანდელი მდგომარეობით, 5 რეგიონული უნივერსიტეტია, ეს არის ბათუმი, გორი, ახალციხე, თელავი, ზუგდიდი, ქუთაისის არ ვთლი, რადგან ცალკე გვაქვს გამოტანილი. ამ ხუთ უნივერსიტეტში შეიძლება, 10%-იანი მაჩვენებლიდან ავიდეთ დაახლოებით 15%-იან მაჩვენებელზე. რაც შეეხება თბილისსა და ქუთაისს შორის სტუდენტების გადანაწილებას, ვფიქრობთ, რომ თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად კერად და დაახლოებით პროპორცია უნდა იყოს 2/1-ზე. ეს არის ჩვენი წარმოდგენა. შეიძლება, თბილისში სწავლობდეს 60 ათასი სტუდენტი, ქუთაისში 30 ათასი სტუდენტი, დაახლოებით 15 ათასი სტუდენტი რეგიონებში, ეს არის უხეში დათვლა. დღეს სტუდენტების რაოდენობა არის 150 ათასი და ჯამურად შემცირდება 110 ათასამდე. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ოპტიმალური გადანაწილება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, არსებულ რეალობაში პირველი გამოწვევა უკავშირდება უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბ გეოგრაფიულ კონცენტრაციას.
"სათანადოდ არ არის ამ პირობებში დატვირთული ჩვენი ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები, ძირითადად ეს ეხება ქუთაისსა და რუსთავს. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის დეკონცენტრაცია და გვინდა, აქცენტი გავაკეთოთ ორი ქალაქის მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე - ესაა ქუთაისი და ეს არის რუსთავი, უფრო კონკრეტულად, რუსთავის მიმდებარე ტერიტორია, რაც დაეხმარება ამ მნიშვნელოვან ქალაქს განვითარებისთვის და შექმნის ახალ შესაძლებლობას ამ ორი ქალაქისთვის.
ქუთაისი გვინდა, ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ქუთაისმა უნდა შეიძინოს სრულიად ახალი ფუნქცია.
"ქუთაისმა, რომელიც ტრადიციულად იყო ინდუსტრიული ქალაქი საბჭოთა პერიოდში, თავისი ინდუსტრიული ფუნქცია 90-იან წლებში დაკარგა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამას მოჰყვა სერიოზული ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, ძალიან დიდი მიგრაცია. მიგრაცია დღესაც გრძელდება. ქუთაისი არის ერთ-ერთი ქალაქი, საიდანაც მიგრაცია მეტია, ვიდრე დაბრუნების მაჩვენებელი. თანდათანობით კლებულობს ქუთაისის მოსახლეობა. ჩვენ ვფიქრობთ, ქუთაისს უნდა შევძინოთ სრულიად ახალი ფუნქცია. საუნივერსიტეტო ქალაქად ქუთაისის გარდაქმნა, არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია დეკონცენტრაციაზე, აქ მთავარი მიზანი არის ქვეყნის თანაბარი და რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და არა იმდენად განათლების ხარისხის გაუმჯობესება“, - დასძინა მან.
მისივე თქმით, რაც შეეხება სტუდენტების განაწილებას სპეციალობებისა და რეგიონულ ჭრილში, ამაზე დაახლოებით 2-3 თვეში იქნება კვლევის შედეგები და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება სტუდენტებზე ადგილები სხვადასხვა სპეციალობების მიხედვით.
თუმცა, მისივე თქმით, თბილისშიც და ქუთაისშიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობის დაფარვა.
"მაგალითად, ფიზიკის ფაკულტეტი უნდა იყოს თბილისშიც და ქუთაისშიც. არ არის გათვალისწინებული თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა. რაც შეეხება რეგიონულ უნივერსიტეტებს, ჩვენი ხედვით, ესენი უნდა იყოს უფრო პროფილური და აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული, აგრარულ, პედაგოგიურ მიმართულებაზე და ა.შ“, - განაცხადა "ოცნების" პრემიერმა.




























