ამერიკული Coca-Cola, საინვესტიციო ბანკ Lazard-თან თანამშრომლობით, ყავის სახლების ბრიტანული ქსელის, Costa Coffee-ის პოტენციურ გაყიდვას განიხილავს - ამის შესახებ საკითხში ჩახედულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა.
როგორც უცხოური მედიით გახდა ცნობილი, "კოკა-კოლას" Costa-ს პოტენციურ მყიდველთა მცირე ნაწილთან, მათ შორის კერძო საინვესტიციო ფირმებთან, საწყისი მოლაპარაკებები უკვე ჰქონდა.
Costa Coffee-ის ქსელის, რომელიც 50 ქვეყანაში ოპერირებს, გაყიდვა მორიგი დიდი გარიგება იქნება შეფუთული საკვებისა და სასმელების ინდუსტრიაში, რომელიც ბოლო პერიოდში ძლიერ ზრდას აფიქსირებს იმ ფონზე, რომ კომპანიები სამომხმარებლო ფასების ზრდის გავლენასა და ჯანსაღი ალტერნატივების გამოჩენის გამო, სამომხმარებლო ქცევის ცვლილებასთან გამკლავებას ცდილობენ.
Costa-ს საოპერაციო ნაწილში ცვლილებებზე გასულ თვეს Coca-Cola-ს CEO-მ, ჯეიმს ქვინსიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Costa-ში ჩადებული ინვესტიცია იმგვარად არ განვითარდა, როგორც ეს კომპანიას სურდა.
"ახლა განვიხილავთ ყველაფერს, რაც ვისწავლეთ და ვფიქრობთ, როგორ შეგვიძლია, ყავის კატეგორიაში სხვა კუთხით განვვითარდეთ და Costa-ს ბიზნესის წარმატებით მართვაც გავაგრძელოთ", - განაცხადა მან.
Coca-Cola Costa-ს გაყიდვას Reuters-თან ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა, სხვადასხვა წყაროს თანახმად, ცნობილია გარიგების ღირებულებაც და ის 2 მილიარდ გირვანქა სტერლინგს აღწევს.




























