მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოკა-კოლას“ პარტნიორობით საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ბავშვებისთვის ბანაკი დაფუძნდა

60703379795b3
ვიქტორია მღებრიშვილი
09.04.21 21:00
2144
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პარტნიორობით 20 ივნისიდან 9 ივლისამდე საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები 12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი „ძალა ერთობაშია“ ამოქმედდება.

როგორც BM.GE-ის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა სოფო ჭყონიამ განუცხადა, ბანაკს სრულად კომპანია დააფინანსებს.

„ბანაკის შექმნის ინიციატივით დავით ქაცარავამ და ეგორ კუროპტევმა მომმართეს და გადავწყვიტეთ ეს პროექტი ერთობლივად განგვეხორციელებინა. ბავშვები სპეციალური კონკურსის მეშვეობით შეირჩევიან. ბანაკის დაფინანსებაზე მუშაობა დღეისთვის მიმდინარეობს. საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ბავშვების განათლებისა და ხელშეწყობისთვის ეს ძალიან კარგი პროექტია და ჩვენ მსგავსი პროექტების განხორციელებას ხელს შევუწყობთ“, - უთხრა BM.GE-ის სოფო ჭყონიამ.

რაც შეეხება თავად ბანაკში მოხვედრისა და მისი მიმდინარეობის პირობებს, როგორც ბანაკის ოფიციალურ "ფეისბუქ"-გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბანაკი მისი იდეის ავტორებისა და გენერალური პარტნიორის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ სიმბოლურად დღეს - 9 აპრილს დაფუძნდა.

სწორედ დღეიდან 12-15 წლის ბავშვებმა, რომლებიც საოკუპაციო ზოლთან ცხოვრობენ, ფეისბუქზე ან მეილზე - strengthinunitycamp@gmail.com უნდა გადააგზავნონ თხზულებები თემაზე - რას ნიშნავს მათთვის ბედნიერება.

„24 საუკეთესო თხზულების ავტორი საზაფხულო ბანაკში „ძალა ერთობაშია“ მიიღებს მონაწილეობას. საზაფხულო ბანაკი 20 ივნისიდან 9 ივლისამდე ბორჯომში მოეწყობა. იქნება ორი ჯგუფი, თითოეული 12 მონაწილით! ბანაკის აქტივობებია: ჯომარდობა, ლაშქრობა, კარვები, ცნობილი ადამიანების მონაწილეობა, სპორტული ღონისძიებები, გასართობი და საგანმანათლებლო პროგრამები“, - აღნიშნულია ბანაკის "ფეისბუქ"-გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები